დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ორივე ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას გამოეთიშა და უმედლოდ დარჩნენ.
+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ასევე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანია, პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი უზბეკ შოხრუხონ ბახტიაროვს აჯობა. თავიდან მეტოქე ვაზარით დაწინაურდა, რასაც გურამმა ჯერ ვაზარითვე უპასუხა, მერე კი შებოჭა და გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, მესამე წრეში თუშიშვილი იაპონელ ტაცური საიტოსთან დამარცხდა. მეტოქემ ქართველი შებოჭა და იპონით დაამარცხა. ამრიგად, გურამი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილიც მესამე წრეში განიცადა მარცხი, რომელმაც ჯერ პოლონელ კინგა ვოლშჩაკს იპონით აჯობა და მომდევნო ეტაპზე თურქ კაირა საიითს შეხვდა, მაგრამ დამატებით დროში 3 გაფრთხილებით წააგო და უმედლოდ დარჩა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს, ლაშა ბექაურმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა (მაისურაძე-ბექაური), ასევე პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს (გრიგალაშვილი) და ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. გამოსარჩევია, რომ მამაკაცთა შორის, ქალთა შეჯიბრის შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდა. მეორე ადგილზე იაპონიის ვაჟთა ნაკრები გავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ გუნდური პირველობით დასრულდება. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეული ნაკრები პირველ წრეში მონღოლეთს დაუპირისპირდება.