ძიუდო

19:59 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ილია სულამანიძე, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი იოლად დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კანადელ კაილ რეიესს გაეჯიბრა, რომლის წინააღმდეგ ვაზარით იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ აზერბაიჯანელ ზელიმ კოციევთან იპონით წააგო და მედალი ვერ მოიპოვა. ილიამ შარშანდელი შედეგი ვერ გაიმეორა, რადგან წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო ბრინჯაოს მედლის დაუფლება.

დღესვე, ამავე წონაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა რუმინეთის სახელით მოასპარეზე ეშლი გონსალესთან მოიგო, მაგრამ შემდეგ ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამატებით დროში წააგო და შესაბამისად, რეპეშაჟს მიღმა და უმედლოდაც დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქრო, ლაშა ბექაურმა ვერცხლი, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა. ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღეს, 13 მაისს, ტატამიზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ.

0.125454