ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა ცნობილი მეცნიერის და პედაგოგის, სპორტული მეცნიერებისა და ფიზიოლოგიის გამოჩენილ მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, სპორტის დამსახურებულ მუშაკის, სპორტის რაინდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ღირსების ორდენის კავალერის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის დურმიშხან ჩიტაშვილის დაბადებიდან 90 წლის, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისადმი მიძღვნილი სხდომა.
სხდომა გახსნა ივანე ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ბექაიამ. მან გაიხსენა პროფესორ დურმიშხან ჩიტაშვილის ამაგი ქართული სპორტის განვითარებაში.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გამოჩენილი მეცნიერს ბატონ დურმიშხან ჩიტაშვილს დაბადების 90 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლის საიუბილეო თარიღი მიულოცა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლით და პრემიით დააჯილდოვა.
ლერი ხაბელოვი: ბატონმა დურმიშხანმა თავის მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებასა და მიღწევებში. მისი დამსახურებით აღიზარდა მრავალი თაობა, ბატონი დურმიშხანი ჩემი პედაგოგი გახლდათ, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული დიდი ღვაწლისთვის და ამაგისთვის.
GEONOC.ORG.GE