ფეხბურთი

1:07 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა, "იუვემ" იმედი ბოლო წამზე დაიბრუნა

ევროპა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, მაგრამ ყველაფერი საპასუხო შეხვედრებში გადაწყდება. თუმცა, კონტურები გამოიკვეთა და შეიძლება ითქვას, რომ ფინალისტობის ფავორიტებიც ცნობილი გახდა.

„რომამ“ ბუდაპეშტის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, რადგან შინ „ლევერკუზენი“ დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ დამსახურებულად დაამარცხა. ედუარდო ბოვემ 63-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და ჟოზე მოურინიოს გუნდს ერთ კვირაში ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში მოუწევს.

მეორე ნახევარფინალში კი იტალიური გუნდი რთულ დღეშია: „იუვენტუსი“ „სევილიასთან“ მხოლოდ ფრით ჩავა, რაც „სანჩეს პისხუანზე“ არაფრის მომცემია. უფრო მეტიც, „იუვე“ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა, 97-ე წუთზე გოლი რომ არა. ანდალუსიელებმა პირველ ტაიმში ტურინული გრანდი უბრალოდ გაგუდეს, არაერთი მომენტი შეუქმნეს და თავის თავს უნდა დააბრალონ, რომ მხოლოდ ერთი მომენტი გამოიყენეს, როდესაც იუსეფ ენ-ნესირმა გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს რომ გადასცდა, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, რომელიც მანამდე პრაქტიკულად უშანსოდ და უმომენტოდ იყო, კუთხურის უფლება მოიპოვა, რომელიც ფედერიკო გატიმ გოლით დაასრულა და 1:1.

ამრიგად, 18 მაისს გადაწყდება ყველაფერი, მაგრამ დღეის მონაცემებით „რომა“ და „სევილია“ ფინალთან გაცილებით ახლოს არიან, ვიდრე „იუვენტუსი“ და „ლევერკუზენი“.

„რომა“ – „ლევერკუზენი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბოვე (63)

„იუვენტუსი“ – „სევილია“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ენ-ნესირი (26), 1:1 გატი (90)

0.130064