ფეხბურთი

19:20 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: მამარდაშვილის თამაშს 3 ინგლისური კლუბი სისტემატურად აკვირდება

ესპანური გამოცემა Eldesmarque წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის თამაშებს „ვალენსიას“ სტადიონზე სისტემატურად აკვირდებიან „ვესტ ჰემის“, „კრისტალ პალასისა“ და „ლესტერ სიტის“ წარმომადგენლები.

მამარდაშვილის გარდა, ხსენებული ინგლისური გუნდების ინტერესის სფეროში ამერიკელი საყრდენი ნახევარმცველი იუნუს მუსა გახლავთ.

„იუნუს მუსა და გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ყველაზე ძვირფასი მოთამაშეები არიან სატრანსფერო ბაზარზე. მათი თვისებებიდან გამომდინარე კი ისინი ყველაზე მეტად პრემიერლიგას ერგებიან. ორივე ფეხბურთელის დამატება სურთ რამდენიმე ინგლისურ კლუბს, გიორგის აგენტიც პრემიერლიგის კლუბებს შეხვდა.

ინგლისური კლუბები „ვალენსიას“ წარუმატებელი სეზონის მიუხედავად ამ ფეხბურთელებს აქტიურად აკვირდებიან. აქ იყვნენ „ლივერპულის“, „სიტის“, „არსენალის“ სკაუტებიც, მაგრამ არის სამი გუნდი, რომელიც იუნუსის და გიორგის მატჩებს არ ტოვებს: ესენი არიან „ლესტერი“, „ვესტ ჰემი“ და „კრისტალ პალასი“. მათი სკაუტები იმდენად ხშირად ესწრებიან „ვალენსიას“ თამაშებს, როგორც ამ გუნდის ყველაზე დიდი ფანატიკოსები.

სამივე გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ ეკონომიკური პოტენციალი სამივეს აძლევს საშუალებას ფსონი დადონ ამერიკელ ნახევარმცველზე ან ქართველ მეკარეზე და შეუძლიათ „ვალენსიას“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ნებისმიერ გუნდს მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, ვისაც იუნუსის ან გიორგის შეძენა სურს, რადგან „ვალენსიას“ საბედნიეროდ, ორივეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. ამერიკელის ხელშეკრულება ძალაში 2026 წლამდეა და გამოსასყიდი ფასი 100 მილიონია, ხოლო გიორგიმ ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2027 წლამდე და მისი გამოსასყიდი ფასიც 100 მილიონია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.129335