ჯირო დ’იტალიას ბელგიელი ფავორიტი რემკო ევენეპოელი მეხუთე ეტაპზე ორჯერ წაიქცა, ქაოტურ რბოლაში კი გამარჯვება ავსტრალიელმა კეიდენ გროვსმა მოიპოვა. რბოლა წვიმაში ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საქმე გაურთულა. ასეთ სიტუაციაში კი, გზაზე ძაღლის გამოვარდნამ ყველაფერი აურია.
პირველი დიდი ინციდენტი სწორედ ძაღლმა გამოიწვია, როდესაც ფინიშამდე შვიდი კილომეტრი რჩებოდა. ამ დროს, ევენეპოელთან ერთად, გროვსიც დაეცა. მაგრამ ტრავმას ორივე გადაურჩა. დაახლოებით ხუთი კილომეტრის შემდეგ კი ბელგიელი კიდევ ერთხელ, სხვა ველომრბოლებთან ერთად დაეცა.
ორივე ინციდენტს თავი აარიდა ნორვეგიელმა ანდრეას ლეკნესუნდმა, ვინც ლიდერის ვარდისფერი მაისური შეინარჩუნა. ის ევენეპოელს ისევ 28 წამს უგებს. სხვათა შორის, იმის გამო, რომ მეორე ინციდენტი ფინიშამდე 3 კილომეტრზე ნაკლებში მოხდა, მის ყველა მონაწილეს პელოტონის დრო ჩაეთვალა.
„დღეს ჩემი თავი გავაოცე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ დავეცი, როცა ფინიშამდე შვიდი კილომეტრი რჩებოდა. იღბლად, ჩემმა ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ხელსაყრელ პოზიციაზე გამიყვანეს. მე კი ფეხებში საკმარისი ძალა მქონდა შერჩენილი იმისთვის, რომ სპრინტი მომეგო. ამ რბოლისთვის ნოემბრიდან თუ დეკემბრიდან ვემზადებოდი. ამ კვირაში უკვე ორი მესამე ადგილი მქონდა და ამჯერად, გუნდმა გამარჯვებამდე მიმიყვანა“, - განაცხადა გროვსმა.
მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს მეორე ეტაპის მომგებმა ჯონათან მილანმა და მადს პედერსენმა. მათ ხელი ვერ შეუშალეს სპრინტის აღიარებულმა ოსტატებმა, ბრიტანელმა მარკ კავენდიშმა და ჰოლანდიელმა დავიდ დეკერმა, რომლებიც სპრინტის დროს დაეცნენ.