ფეხბურთი

1:04 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ნახევარფინალის პირველი დერბი იოლად მოიგო და ფინალთან ახლოსაა

მილანის „ინტერი“ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოსაა!

„მილანს“ ევროთასებზე იტალიურ გუნდებთან 1993 წლის შემდეგ თამაში არ ჰქონდა წაგებული, მათ შორის, არც „ინტერთან“ (2 მოგება, 2 ფრე), მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და ეს დღეც დადგა. „როსონერიმ“ „ნერაძურისთან“ დერბი დელა მადონინა უშანსოდ წააგო.

ყველაფერი მატჩის საწყის 11 წუთში გადაწყდა, როდესაც „ინტერმა“ თანაქალაქელ მეტოქეს ტორნადოსავით გადაურა. ჯერ ედინ ჯეკომ გაიტანა მაგარი გოლი, მერე ჰენრიხ მხითარიანმა დაასრულა შესანიშნავი კომბინაცია. ცოტა ხანში სიმონე ინძაგის გუნდს მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ „მილანი“ ჯერ ძელმა, მერე მეკარემ გადაარჩინა. დარჩენილ დროში შავ-ლურჯებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

„მილანმა“ მთელი თამაში ვერაფერი შექმნა, ყველაზე კარგი მომენტი მეორე ტაიმის შუაში სანდრო ტონალის ჰქონდა, როცა სტუმრები ძელმა გადაარჩინა. ეს ძალიან ცოტაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის. ამრიგად, „ინტერმა“ 2:0 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ, თანაც საპასუხო მატჩში ნომინალური მასპინძელი იქნება, სულ რაღაც 6 დღეში, 16 მაისს.

სხვათა შორის, „ინტერმა“ „მილანს“ ზედიზედ მესამე დერბი მოუგო (მანამდეც მიმდინარე წელს, იანვარსა და თებერვალში). ზედიზედ სამჯერ კი „ინტერმა“ „მილანს“ 1994-1995 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგო. უფრო მეტიც, 1979-1980 წლების სეზონის შემდეგ პირველად „მილანმა“ „ინტერს“ ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლი ერ გაუტანა.

„მილანი“ – „ინტერი“ 0:2 (0:2)

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ (4-2-3-1): მენიო; კალაბრია (კალულუ 82), კიაერი (ტიაო 59), ტომორი, ტეო ერნანდესი; კრუნიჩი, ტონალი; სალმაკერსი (ორიგი 59), ბენასერი (მესიასი 18), დიასი (პობეგა 82); ჟირუ

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„ინტერი“ (3-5-2): ონანა; დარმიანი, აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი, მხითარიანი (ბროზოვიჩი 62), ჩალჰანოღლუ (გალიარდინი 78), ბარელა, დიმარკო (აჩერბი 70); მარტინესი (კორეა 78), ჯეკო (ლუკაკუ 70)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 ჯეკო (8), 0:2 მხითარიანი (11)

გაფრთხილება: კრუნიჩი (45), ტომორი (64) - მხითარიანი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (1) – 18 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

0.119561