ფეხბურთი

18:36 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" ზედიზედ მე-7 თამაში მოიგო და "დინამო ბათუმთან" ერთად ლიდერია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. წყალტუბოს „სამგურალმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდებულ ფორმაშია და ზედიზედ მე-7 თამაში მოიგო!

გიორგი ჭელიძის გუნდმა ამჯერად „დინამო თბილისსაც“ აჯობა. მე-11 წუთიდან „დინამო“ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, რადგან მეკარე ლუკა კუტალაძე გაუძევეს. ამით იმერლებმა ტაიმის ბოლოს ისარგებლეს და ნიკა ხორხელმა ანგარიშის გახსნა მოახერხა.

მეორე ტაიმის სტარტზე ულად-ომარ იმრანმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „დინამო“ მაინც უქულოდ დარჩა, რადგან მატჩის მიწურულს ლადო ჩიხრაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და „სამგურალმა“ ზედიზედ მეშვიდედ იმარჯვა. შედეგად, ჭელიძის გუნდმა 28 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმთან“ ერთად ლიდერია, ხოლო „დინამო თბილისი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში წყალტუბოელები „ტორპედოს“, ხოლო თბილისელები „თელავს“ ეთამაშებიან.

„დინამო ბათუმმა“ „სამტრედიასთან“ სტუმრად რთულად, მაგრამ მოიგო. ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით აჭარლებმა ტაიმი მოიგეს, რასაც შემდეგ მათე აბულაძემ უპასუხა, მაგრამ 74-ე წუთზე მუსა კონატემ ბათუმელებს მოაგებინა. გია გეგუჩაძის გუნდი „სამგურალთან“ ერთად 28 ქულით ლიდერია და წინ „გაგრასთან“ დუელი ელოდება, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით მეცხრეა და „საბურთალოს“ შეხვდება.

დღესვე, უგოლოდ დასრულდა „გაგრას“ და „ტორპედოს“ მატჩი. ქუთაისელები კახა ჩხეტიანის გათავისუფლების შემდეგ უმწვრთენლოდ არიან და გუნდს დღევანდელ მატჩში კლუბის სპორტული დირექტორი, ყოფილი ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი ხელმძღვანელობდა.

„ტორპედოს“ 20 ქულით მეექვსე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში „საბურთალოს“ გაეჯიბრება, ხოლო „გაგრა“ 11 ქულით მეშვიდეა და „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„გაგრა“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)

„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (4), 1:1 აბულაძე (65), 1:2 კონატე (74)

„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნ. ხორხელი (42), 1:1 იმრანი (57), 2:1 ჩიხრაძე (78)

0.113988