ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ „ვალენსიას“ თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიას დამატება შეეძლო, მაგრამ კლუბმა ეს შანსი ვერ გამოიყენა, რადგან ტრანსფერზე მუშაობა ესპანელებს არც დაუწყიათ.
„კვარაცხელია „ვალენსიას“ სკაუტების თვალთახედვის არეში რომ მოხვდა, ყველასთვის უცნობი იყო და მხოლოდ 20 წლის გახლდათ. 2021 წლის 12 მარტი იყო, როდესაც მაშინ აკადემიის ტექნიკურ დირექტორს, ახლა კი „მარსელში“ მომუშავე მარკო ოტეროს აფრთხილებდნენ, რომ 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩში ის ითამაშებდა და მის სანახავად „მილანის“, „იუვენტუსის“ და „დორტმუნდის“ წარმომადგენლები მივიდოდნენ. წერილში ეწერა, რომ ისინი იცნობდნენ მამამისს და შეეძლოთ პირდაპირ ოჯახთან საუბარი.
მესიჯი გაიგზავნა WhatsApp-ის ჯგუფში, რომელშიც იყვნენ მწვრთნელები, თვითონ ოტერო, ხოსე ხიმენესი და ლუის მარტინესი, ასევე შონ ბაი და მიგელ კორონა, ტექნიკური დირექტორი. კვარაცხელიამ ესპანეთთან გოლი გაიტანა, რასაც რამდენიმე დღეში საბერძნეთთან გოლიც მოჰყვა, მერე კი რუსეთის ჩემპიონატში „სოჭსაც“ გაუტანა. ამასობაში, „ვალენსია“ კრიზისში ჩავარდა, მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია გაათავისუფლეს, რომელიც შეიძლებოდა ტრანსფერში გადამწყვეტი ყოფილიყო, რადგან ის „რუბინს“ 2016-2017 წლებში წვრთნიდა. კორონა აკვირდებოდა, მაგრამ „რუბინის“ მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო, „ვალენსიას“ ფინანსური პრობლემების გამო არ შეეძლო ნაბიჯის გადადგმა, ამიტომაც, კლუბს არც კი უცდია ტრანსფერზე მუშაობა. შესაძლოა, კვარაცხელია თავად იტყოდა უარს „ვალენსიაზე“, მაგრამ თვითონ მათ ბედი არც უცდიათ. მეორე შანსი „ვალენსიას“ 2022 წლის მარტში ჰქონდა, როცა კვარაცხელიას „რუბინიდან“ წასვლის საშუალება მიეცა, მაგრამ ჯერ საქართველოში დაბრუნდა და მერე 10 მილიონად „ნაპოლიში“ გადავიდა“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საბოლოოდ 2022 წელს „ნაპოლის“ შეუერთდა, ხოლო „ვალენსიამ“ 2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი დაიმატა.