სხვა

23:56 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალვარესმა რაიდერი დაამარცხა და ტიტულები შეინარჩუნა

ზესაშუალო წონაში (76 კგ) მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა, მექსიკელმა საულ „კანელო“ ალვარესმა, ქალაქ გვადალახარაში (მექსიკა) გამართულ ბრძოლაში, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ბრიტანელი ჯონ რაიდერი და ყველა ტიტული შეინარჩუნა.

ალვარესი თავიდანვე მეტოქზე აქტიური და ზუსტი იყო და შედეგად, რაიდერს მესამე რაუნდში ცხვირიდან სისხლი წასკდა. მეხუთეში მექსიკელმა ზუსტი კომბინაციით, მეტოქე ძირს დასცა. რაიდერმა წამოდგომა შეძლო და გაბრძოლებაც სცადა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

ალვარესს სამივე მსაჯმა სოლიდური უპირატესობა მიანიჭა (120-107, 118-109 და 118-109).

„ჩემთვის ეს ისტორიული მომენტია. ჩემი ქომაგის წინაშე ბრძოლა ჩემთვის პატივია. ის ძალიან ძლიერი მეტოქეა. როცა მეტოქეები ყველა ტიტულისთვის მხვდებიან, ისინი თავიანთ საუკეთესო ბრძოლას ატარებენ. მაგრამ მე ეს ვიცოდი. ამ პოზიციაში უკვე დიდი ხანია, ვარ და ამას მიჩვეული ვარ“, - განაცხადა ალვარესმა, ვინც გვადალახარაშია დაბადებული და მეზობელ ქალაქ ხუანაკატლანში გაზრდილი.

32 წლის ალვარესისთვის ეს პროფესიონალურ რინგზე მოპოვებული 59-ე გამარჯვებაა და ეს პირველი ბრძოლაა მას შემდეგ, რაც გენადი გოლოვკინის დამარცხების შემდეგ, ხელის ოპერაცია გაიკეთა.

ალვარესმა გამარჯვებისთანავე, რემატჩისთვის გამოიწვია დმიტრი ბივოლი, ვისთანაც შარშან ქვემძმე წონაში (79 კგ) დამარცხდა - ეს მის კარიერაში მხოლოდ მეორე წაგება იყო (ორიც ფრე აქვს).

0.139081