გენუის „სამპდორია“ სერია A-ს 34-ე ტურში სტუმრად „უდინეზესთან“ 0:2 დამარცხდა, რის შედეგადაც ელიტაში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა.
გენუელებმა საშინელი სეზონი ჩაატარეს, 34 ტურში მხოლოდ 17 ქულა მოიპოვეს, რაც ცხადია, ადგილი შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. უდინეს „დაჩია არენა“ კი ბოლო ორი ტურია ვერდიქტის ადგილად იქცა: წინა ტურში იქ „ნაპოლი“ გაჩემპიონდა, ამჯერად „სამპდორია დაქვეითდა.
"დორია" სერია B-ში ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში იყო, მას მერე კი იტალიური ფეხბურთის მთავარ დიზივიონაში თამაშობდა. ისიც ვთქვათ, რომ „სამპა“ მეხუთედ გავარდა სერია A-დან. მანამდე გენუელთათვის წარუმატებელი გამოდგა 1965-1966, 1976-1977, 1998-1999 და 2010-2011 წლების სეზონები.
აღსანიშნავია, რომ „სამპდორიას“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და შეიძლება საერთოდ გაკოტრდეს, რის გამოც მომდევნო სეზონში ვერც სერია B-ში ვიხილოთ და სულაც მოყვარულებში გადანაცვლება მოუწიოს.