„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ თქვა, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ უნდა დატოვოს, რადგან ამ შემთხვევაში გუნდიდან გამარჯვებული წავიდოდა.
მისი აზრით, მწვრთნელსა და პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს.
„არ მგონია, რომ „ნაპოლიმ“ გამარჯვებების ციკლი გახსნას, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა გუნდიდან შეიძლება წავიდეს. მეჩვენება, რომ მწვრთნელთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია. აურელიო დე ლაურენტისი ერთს ამბობს, მწვრთნელი - მეორეს, ამიტომ, არ ვიცი, დარჩება თუ არა, ის კამპანიაში.
ლუჩანო სპალეტი რომ ვიყო, აუცილებლად წავიდოდი. მან მაქსიმალურ მიზანს მიაღწია, ხალხს უყვარს, ქალაქში დიდი ენთუზიაზმია. თუ ის სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს, ეს იქნება გამარჯვებული დამშვიდობება, მაგრამ თუ დარჩება და მომდევნო სეზონში საქმე ცუდად წავა, მას მკაცრად გააკრიტიკებენ და ეს არ იქნება სამართლიანი ტოსკანელი მწვრთნელის მიერ შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით. სპალეტის დამშვიდობება შეიძლება ერთადერთი არც იყოს, შეიძლება სხვებიც წავიდნენ, ვნახოთ, რა იქნება“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვით მისი განახლება ერთი წლით შესაძლებელია. თუმცა, ჯერჯერობით, მაინც უცნობია, დარჩება თუ არა 64 წლის სპეციალისტი გუნდში.