რაგბი

11:33 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | შემადგენლობა ტურნეს დასკვნითი თამაშისთვის

'შავი ლომი’, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე ბოლო თამაშს 6 მაისს, საქართველოს დროით 22 საათზე ურუგვაულ პენიაროლთან მონტევიდეოში, სტადიონ ჩარუაზე გამართავს. ეს თამაში ევროპის და ამერიკის ჩემპიონთა დუელია, რადგან შავი ლომი “ზე თასის” გამარჯვებულია (ზედიზედ 2-ჯერ), ხოლო პენიაროლი სამხრეთ ამერიკული “ზე რაგბის” ფალავანი. პენიაროლი, ისევე როგორც შავი ლომი, ქვეყნის ნაკრების საბაზისო გუნდია და მათი მოთამაშეების უმეტესობა ეროვნული გუნდის წევრია.

ჩვენი მომავალი მეტოქე, პირველი პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზია ურუგვაიში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. რაგბის გუნდი პენიაროლის სპორტულ კლუბში შედის (Club Atlético Peñarol), თავად კლუბი 1891 წელს დაარსდა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს გარეუბან პენიაროლში, ინგლისურ სარკინიგზო კომპანია – “Central Uruguay Railway Ltd”-ში, სადაც ურუგვაული მუშახელი იყრიდა თავს. მას აქეთ კლუბი ყველა სპორტისათვის იღწვის და უამრავ სხვა სახეობასაც აერთიანებს: ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, ბალახის ჰოკეის, ფრენბურთს და სხვას.

რაგბის გუნდმა პირველი თამაში “სამხრეთ ამერიკის ზე რაგბში” (SRA) 2020 წელს გამართა, ჩვენთვის ნაცნობ მეტოქე სელკნამთან (რომელთანაც ტურნეს მეორე მატჩში 33:30 ვიმარჯვეთ), მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო, სეზონი შეწყდა. 2021 წლის სეზონზე, კლუბმა იქაური “ზე რაგბის” ფინალამდე მიაღწია, სადაც დამარცხა ხაგუარესთან 36:28, ჩვენთვის ასევე ნაცნობ ფრენჩაიზთან, რომელმაც წელს სახელი იცვალა და პამპასი ჰქვია. 2022 წელს კი ფინალში, საკუთარ მოედანზე ჩილეური ფრენჩაიზი სელკნამი 23:14 დაამარცხა და ისტორიაში პირველი თასი მოიგო.

პენიაროლი “სამხრეთ ამერიკულ ზე რაგბში” წელსაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, 9 თამაშის შემდეგ, 8 მოგებითა და 1 მარცხით, პირველ ადგილს იკავებენ. ისინი ტურნირს ასევე ლიდერობენ დადებული ლელოებით (9 თამაშში – 42 ლელო), შერკინების მოგებით (71-2, თავიანთი შერკინების 97%-ს იგებენ) და ოფლოუდებით (29). მათი კარში დამრტყმელი, ფელიპე ეჩევერი ტურნირის საუკეთესო მექულეა (96 ქულა: 2 ლელო, 28 გარდასახვა, 10 ჯარიმა), ხოლო ტურნირის საუკეთესო მელელოვეც პენიაროლელი – მანუელ ოლასოა (12 ლელო).

შემოდგომის ტესტებზე ურუგვაის ნაკრებს რომ ვერაგბეთ, იმათ 23-კაციანი განაცხადიდან 16 მოთამაშე პენიაროლიდან იყო. ასევე, ურუგვაი მსოფლიო თასზე “ა” ჯგუფში მე-4 ნომრით, პირდაპირ ამერიკა I-ით მოხვდა. აქედან გამომდინარე, პენიაროლისთვის და ჩვენთვისაც ეს თამაში სანაკრებო დონის იქნება, თანაც საკუთარ მოედანზე, საკუთარი ქომაგების წინაშე ითამაშებენ, ჩვენ კი ტურნეს დასრულება გამარჯვებულ ნოტაზე გვსურს.

შავი ლომი 2021 წელს შექმნილი ფრენჩაიზია, რომელმაც თავისი პირველივე ტურნირი ევროპის “ზე თასი” ტრიუმფით დაასრულა. კოვიდ-პანდემიით არეული სეზონის გამო, 2021 წლის ფინალი 2022-ში ვითამაშეთ, ამას დაემთხვა ჩვენი ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში, სადაც ქარის თასს პირველ დივიზიონს ვესტუმრეთ. იქაც ვიყოჩაღეთ და ნახევარ-ფინალში გავედით, მაგრამ ამ ტურნირზე ასპარეზობის მიზანი არ იყო გამარჯვება, არამეტ ის რაც ზაფხულის ტესტებზე შევძელით – პირველად დავამარცხეთ 6-ერის ნაკრები: იტალია. 2022 წელსვე გაიმართა და ისევ შავი ლომის გამარჯვებით დასრულდა ევროპის “ზე თასი”-ს მეორე ტურნირიც.

2023 მსოფლიო თასის წელის გამო, საქართველოს რაგბის კავშირმა, შავი ლომის და შესაბამისად ნაკრების მოთამაშეების ფორმაში ყოფნის ხელშეწყობისთვის, გუნდი სამხრეთ ამერიკაში მიავლინა და ჩინებული 5 ტესტი დაუგეგმა. გუნდი ურუგვაიში დაბანაკდა და თამაშებსაც, ყოველ კვირას, იქვე ახლოს, მონტევიდეოს სტადიონ ჩარუაზე მართავდა. ჯერ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ არხენტინული “დოგოს XV”, შემდეგ კვირას დაძაბულ ბრძოლაში ვძლიეთ “სელკნამი”. შემდეგ გავილაშქრეთ არხენტინაში, დედაქალაქ ბუენოს აირესში, სადაც იქაური პამპასი (ძველად ხაგუარეს) დაგვიხვდა. სტუმრად მატჩი დავთმეთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, არც ამ მატჩების მოგებაა ჩვენი მიზანი, რის გამოც ყველა ჯარიმას კიდისკენ ვუმიზნებთ, ცოტა მსაჯებიც იმათ ემხრობიან და ჩვენ ხშირ როტაციას მივმართავთ. შემდეგ ბაზეზე, ურუგვაიში დავბრუნდით და სამხრეთ ამერიკის ნაკრებს ვერაგბეთ. თვალსასეირო მატჩში მეტოქემ გვაჯობა, თუმცა აქ ის უნდა აღინიშნოს, მსაჯმა ტელე-რეფის დახმარებით 5 ლელო გაგვიუქმა.

ტურნეს დასკვნითი მატჩისთვის, ლევან მაისაშვილმა ოპტიმალური შემადგენლობა დაასახელა. წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ეულიდან 7 კაცი შევცვალეთ. მარქაფაში პირველად გამოჩნდა ნაკრების კვაჭი გიორგი ჭყოიძე, სოსო მათიაშვილი კი ამ ტურნეზე პირველად დაიწყებს. ტრავმების გამო 24 კაციანი რაზმი გვეყოლება, წინა თამაშებში დაგვიშავდა ოთარ ლაშხი, თორნიკე აქუბარდია, ლაშა ხმალაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და ნიკო აფციაური.

სამხრეთ ამერიკული ტურნე 6 მაისი. მონტევიდეო. ჩარუა 22:00 (საქ. დრო) შავი ლომი (საქართველო) – პენიაროლი (ურუგვაი) შავი ლომი

15 სოსო მათიაშვილი 14 აკაკი ტაბუცაძე 13 დემურ თაფლაძე 12 მერაბ შარიქაძე (კაპ) 11 მირიან მოდებაძე 10 ლუკა მატკავა 9 თენგიზ პერანიძე;

1 მიხეილ ნარიაშვილი 2 შალვა მამუკაშვილი 3 ნიკა პატარაია 4 ნოდარ ჭეიშვილი 5 გიგა ჯულუხაძე 6 მიხეილ გაჩეჩილაძე 7 სანდრო მამამთავრიშვილი 8 ლუკა ივანიშვილი;

16 გიორგი ჭყოიძე 17 დავით აბდუშელიშვილი 18 გიორგი ჩხარტიშვილი 19 მიხეილ ბაბუნაშვილი 20 თენგიზ ზამთარაძე 21 გიორგი მარგალიტაძე 22 გიორგი ბაბუნაშვილი 23 თორნიკე კახოიძე 25 საბა კურტანიძე;

თეგებიშავი ლომი
0.10295