ფეხბურთი

13:09 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ჩემპიონთა ლიგაზეც უძლიერესები ვიყავით, მაგრამ მსაჯების გამო გავვარდით"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „აძურის“ მფლობელის თქმით, ეს მიმდინარე სეზონშიც შეეძლოთ, რადგან ყველაზე ძლიერები იყვნენ, მაგრამ მსაჯების გამო ტურნირს გამოეთიშნენ.

„ამ მომენტს 33 წელი ველოდით. როცა კლუბში მივედი, ვთქვი, რომ პირველი 10 წელი გვჭირდებოდა ევროთასებზე დასაბრუნებლად, მაგრამ ეს უფრო ადრე მოვახერხეთ. შემდეგ ვთქვი, რომ მომდევნო 10 წელიწადში სკუდეტოს მოვიგებდით და ამ შემთხვევაშიც ორი წლით ადრე მივაღწიეთ წარმატებას. ახალი ეპოქა დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონში ისევ გავიმარჯვებთ. ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ, რადგან ვფიქრობ, რომ წელს უძლიერესები ვიყავით და მხოლოდ იმ მსაჯების გამო, რომლებიც კარგები არ იყვნენ, გამოვეთიშეთ ასპარეზობას. ეს უეფას ფეხბურთია, მაგრამ ჩვენ კიდევ ვეცდებით“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მფლობელი 2004 წლიდანაა და მის პერიოდში გუნდმა თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, სამჯერ კი იტალიის თასი.

0.107225