ფეხბურთი

0:38 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონები არიან!

ის, რაც ცხადი უკვე დიდი ხანია იყო და რასაც ყველა ელოდა, ახლა უკვე ოფიციალურია: „ნაპოლი“ ისტორიაში მესამედ და 1990 წლის შემდეგ პირველად იტალიის ჩემპიონია!

„აძურიმ“ სკუდეტო სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაიფორმა, უდინეში, ნეაპოლიდან შორს, სადაც „დაჩია არენაზე“ 10 000 ნეაპოლელი ქომაგი მაინც შეიკრიბა. „ნაპოლის“ ნანატრი მიზნისთვის ქულაც ჰყოფნიდა, რასაც მიაღწია და ჩემპიონია.

„ნაპოლისთვის“ თამაში ცუდად დაიწყო, რადგან სანდი ლოვრიჩის მე-13 წუთზე გატანილი გოლით „უდინეზე“ დაწინაურდა. უდინელთა გამარჯვება კი ნეაპოლელთა ფიესტის კიდევ ერთხელ გადადებას ნიშნავდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ლუჩანო სპალეტის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილია.

საჯარიმოს მისადგომებიდან ქართველმა ფეხბურთელმა დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ვიქტორ ოსიმენმა დაასწრო, რომელმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ეს უკვე ჩემპიონობის მაუწყებელი იყო! დარჩენილ დროში სტუმრებმა სასურველი შედეგი შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ არცერთი ფეხბურთელი არ იყო დაბადებული მაშინ, როცა ეს გუნდი ბოლოს იტალიის ჩემპიონი იყო.

ნეაპოლში ეს ვერავინ შეძლო 33 წლის განმავლობაში, ვერავინ მოახერხა ისტორიაში დიეგო მარადონას გარეშე, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონშივე „ნაპოლი“ იტალიური ფეხბურთის ტახტზე ავიდა და გვირგვინი დაიდგა, თანაც, როგორი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა? განუზომელი! კვარა მეორე ქართველია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. ზუსტად 19 წლის წინ, 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.

„ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი, ისევე როგორც ლუჩანო სპალეტი, რომელსაც ხანგრძლივი და ძალიან კარგი კარიერის მიუხედავად, სკუდეტო აქამდე მოგებული არ ჰქონდა.

„ნაპოლი“ 7 მაისს, „სტადიო მარადონაზე“ „ფიორენტინასთან“ უკვე ჩემპიონის რანგში ითამაშებს და ნამდვილი ფიესტაც იქ მოეწყობა, რომლის გვირგვინი 4 ივნისი იქნება, როდესაც ბოლო ტურში ნეაპოლიტანელები სკუდეტოს ნანატრ თასს აღმართავენ და ჩაიბარებენ. "აძურის" 80 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 16 ქულით უსწრებს, რაც ცხადია 5 ტურში აღმოუფხვრელი სხვაობაა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კონკრეტულად სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა (საუკეთესო შედეგი ჩემპიონატში) და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

ჰო, "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი 12 058 დღის შემდეგ გახდა...

„უდინეზე“ – „ნაპოლი“ 1:1 (1:0)

უდინე, „დაჩია არენა“

„უდინეზე“ (3-5-1-1): სილვესტრი; ბეკაო, ბიოლი, პერესი; ეჰიზიბუე (ებოსელე 82), სამარჯიჩი (ტოვინი 82), უოლასი, ლოვრიჩი (არსლანი 78), უდოჯი (ზეგელარი 74); პერეირა; ნესტოროვკი

მწვრთნელი: ანდრეა სოტილი

„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა; ანგისა, ლობოტკა, ნდომბელე (ჟიელინსკი 64); ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია (ლოსანო 85)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 ლოვრიჩი (13), 1:1 ოსიმენი (53)

გაფრთხილება: ეჰიზიბუე (17)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 7 (4) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: როზარიო აბისო

0.122751