ფეხბურთი

1:12 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" "მილანთან" მოგებამდე 2 წუთი დააკლდა, ლოჩოშვილმა შესანიშნავად ითამაშა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ ესტუმრა და ძალიან იყო ხმაურიან სენსაციასთან.

„კრემონეზე“ თავს კარგად იცავდა, იგებდა და უმნიშვნელოვანეს 3 ქულამდე მხოლოდ 2 წუთი დააკლდა. 77-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა დავიდ ოკერეკემ, რომელმაც მეტოქე ორი მცველი ერთმანეთს შემოსტყორცნა... 2007 წელს, კაკას გოლი „მანჩესტერის“ კარში ვისაც ახსოვს, დაახლოებით ჰგავდა მცველების მოქმედებიდან გამომდინარე. სხვათა შორის, საგოლე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოჩოშვილმა ოლივიე ჟირუს ბურთზე თამაში დაასწრო.

კრემონელებმა გამარჯვება 93-ე წუთზე დაკარგეს, როდესაც ჟუნიორ მესიასმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა - 1:1. სხვათა შორის, „მილანმა“ „კრემონეზეს“ სეზონში ვერცერთი თამაში (პირველ წრეში 0:0) მოუგო.

„კრემონეზეს“ რომ მოეგო, გადარჩენის რეალური შანსი უჩნდებოდა, მხოლოდ 4 ქულაში იქნებოდა გადარჩენის ზღვარზე მყოფ „სპეციასთან“ ჩამორჩენა, რომელსაც მომდევნო ტურში მასპინძლობს. ახლა კი, ჩამორჩენა 6 ქულაა. ნებისმიერ შემთხვევაში, კრემონელები ჯერ უშანსოდ არ არიან.

ლუკა ლოჩოშვილმა „სან სიროზე“ 90 წუთი ითამაშა და ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ მცველს შეცდომა არ დაუშვია და არაერთი სახიფათო სიტუაცია განმუხტა. მას სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჰქონდა.

„მილანმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და 58 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს იყოფს „ატალანტასა“ და „რომასთან“ ერთად. ბერგამოელებმა „სპეციას“ 3:2 აჯობეს, ხოლო „რომა“ სტუმრად „მონცას“ დაუზავდა. ოთხეულში შევიდა „ინტერი“ 60 ქულით, რომელმაც სტუმრად „ვერონა“ 6:0 გაანადგურა. „ნერაძური“ კარგ ფორმაში შევიდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც ახლოსაა. მეორე პოზიციაზე „ლაციოა“ 64 ქულით, ხოლო „იუვენტუსი“, რომელმაც „ლეჩეს“ ძლევით (2:1) მოგების გემო გაიხსენა, 63 ქულით მესამე პოზიციაზეა.

სხვათა შორის, სერია A-ში მომდევნო ტური ძალიან საინტერესოა, რადგან ჩემპიონთა ლიგის 3 საგზურისთვის მებრძოლი 6 გუნდი ერთმანეთს ეთამაშება: „მილანი“ – „ლაციო“, „რომა“ – „ინტერი“ და „ატალანტა“ – „იუვენტუსი“.

„მილანი“ – „კრემონეზე“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ოკერეკე (77), 1:1 მესიასი (90)

0.122442