ფეხბურთი

18:12 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ

საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ზედიზედ მეორედ მოხვდნენ. ლიგა 2-ის ვებგვერდმა ისინი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ 32-ე ტურში გამოარჩია, ახლა კი უკვე 33-ე ტურშიც ერთად მიუჩინა საუკეთესო 11-ეულში ადგილი.

მიქაუტაძემ გასულ უიქ-ენდზე „პარიზის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავს გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1), ხოლო დავითაშვილმა „ვალანსიენთან“ მოგებულ მატჩში (2:0) შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ აქტიური იყო.

აღსანიშნავია, რომ „ბორდო“ და „მეცი“ ლიგა 1-ში გადასასვლელად უშუალო და შეიძლება ითქვას ერთადერთი კონკურენტები არიან. ლიგა 2-დან მხოლოდ მოწინავე ორი გუნდი აღზევდება, პირველ ადგილზე „ლე ავრი“ დამაჯერებლადაა, ხოლო „ბორდო“ მეორე ადგილზეა და „მეცს“ 3 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, სხვა გუნდები მათ საგრძნობლად ჩამორჩებიან. ასე რომ, მეორე ადგილისთვის გიორგის და ზურიკოს გუნდები იბრძვიან, სეზონის ბოლომდე 5 ტური რჩება.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ბომბარდირებში პირველ ადგილზეა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის აქტივში კონკრეტულად ლიგა 2-ში 25 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. საფრანგეთის თასზე ზურიკომ 2 თამაშში ერთხელ გაიტანა, გიორგიმ კი 3 მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114919