ფეხბურთი

16:23 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარას ჯერ კიდევ აქვს სასწავლი და როცა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი ფეხბურთელი გახდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ დაცვით ფაზაში თამაში ჯერ კიდევ აქვს გასაუმჯობესებელი.

„კვარა დიდებული, გასაოცარი და ლაღია. უკვე ტოპფეხბურთელია, მიუხედავად მისი ასაკია. ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და როცა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი, სუპერფეხბურთელი გახდება. ვგულისხმობ დაცვით ფაზას. ოსიმენსაც გიჟური სტატისტიკა აქვს, მაგრამ „სალერნიტანასთან“ გაშვებული გოლის მომენტში ის ბურთის ზონაში იყო და როდესაც საკუთარ საჯარიმოში ხარ, ისე უნდა ითამაშო, როგორც მცველმა, ოსიმენმა კი თავდამსხმელივით ითამაშა. ამ ყველაფერში იგულისხმება გუნდური კონცეფცია, რადგან როცა დი ლორენცოს მსგავს მცველს ეთამაშები, არ შეიძლება მხოლოდ დრიბლინგზე იფიქრო.

ბევრი ადამიანი მყავს, ვისთანაც ახლოს ვიყავი როგორც უდინეში, ასევე სხვა გუნდებში, სადაც ჩემი კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი. „უდინეზე“ მაღალი დონის კლუბია, რომელშიც დიდი სიამოვნებთ ვმუშაობდი და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. პოცოს ოჯახთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი. ხვალ ვითამაშებთ მატჩს, რომელიც შეიძლება ჩვენს ისტორიაში შევიდეს. ნელ-ნელა ვუახლოვდებით სკუდეტოს, როგორც ამბობენ ნეაპოლში, მისი მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ ახლა ბოლო რამდენიმე მეტრი უნდა გავიაროთ, მერე კი სეზონის ბოლომდე კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა პატივი ვცეთ ჩვენს გზას. კვირას გადალურჯებული სტადიონის ნახვა იყო ის, რომლის ნახვასაც ვიმედოვნებდი, როცა აქ ჩამოვედი და ამან ბევრად მეტი სიამოვნება მომანიჭა, ვიდრე ბევრმა გამარჯვებამ, მივხვდი, რაც გავაკეთეთ.

გამარჯვებების ციკლის გახსნა? ერთი წლის წინ ჩემი გაგდება გინდოდათ, ახლა ციკლის გახსნაზე მელაპარაკებით. მყავს გუნდი, რომელსაც გააჩნია სამომავლო პერსპექტივა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სატრანსფერო ბაზარზეც. ჩემი მომავალი? აქ მუშაობას ხელფასის გამო არ დავთანხმებულვარ. ჩემამდე აქ მუშაობდნენ სარი და ანჩელოტი, ამიტომ, როცა შეთავაზება მივიღე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯვების მჯეროდა. ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს, მერე კი საკუთარ თავს ვკითხავ, შემიძლია თუ არა, ამ გასაოცარ ტიფოზერიას მივცე ის, რასაც იმსახურებს.

ამ სკუდეტომდე გზის გავლა შარშან დავიწყეთ, წელს მხოლოდ მეორე ტაიმია, ამიტომ, მნიშვნელოვანი წვლილი იმ ფეხბურთელებსაც მიუძღვით, ვინც დღეს გუნდში აღარ არიან, ინსინიე, კულიბალი, მერტენსი და სხვები, რომლებსაც მადლობას ვუხდი მათი წვლილისთვის“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.114212