ლონდონის „არსენალმა“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.
მართალია, მიკელ არტეტას გუნდის საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ „ჩელსისთან“ დერბიში გამარჯვება „არსენალისთვის“ ფუნდამენტური იყო. „მეთოფეებმა“ იოლად მოიგეს, რადგან პირველივე ტაიმში მარტინ ოდეგორმა დუბლი შეასრულა, ერთიც გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანა და ნათელი გახდა, რომ „ჩელსი“ თამაშს ვერ გადაარჩენდა. ასეც მოხდა, უბრალოდ, ნონი მადუეკემ პრესტიჟის გოლი გაიტანა, სულ ეს იყო.
„არსენალმა“ 78 ქულა დააგროვა და „მანჩესტერ სიტის“ 2 ქულით გაასწრო, მაგრამ „ქალაქელებს“ ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, შესაბამისად, ჩემპიონობასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე „მეთოფეები“.
„ჩელსიზე“ რა უნდა ითქვას? კატასტროფული სეზონი აქვს, მას მერე, რაც გუნდში ფრენკ ლამპარდი დაბრუნდა, „არისტოკრატებმა“ მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს 6 მატჩში და ყველა მათგანში დამარცხდნენ. „ჩელსი“ 39 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროზონასთან.
„არსენალი“ – „ჩელსი“ 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 ოდეგორი (18), 2:0 ოდეგორი (31), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (34), 3:1 მადუეკე (65)