ნეაპოლური ვებგვერდის, Spazio Napoli-ის ჟურნალისტი ჯუზეპე ესპოზიტო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
იტალიელი ჟურნალისტი სტატიაში, რომლის სათაურია - ხელები შორს კვარაცხელიასგან, წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი კრიტიკას არ იმსახურებს, რადგან იმ გუნდის ისტორიის ნაწილი ხდება, რომელმაც ქალაქ ნეაპოლს 33 წლის შემდეგ სიხარული მიანიჭა.
„სალერნიტანასთან“ მწარე საშინაო ფრის შემდეგ ბევრმა თითი ქართველი ფეხბურთელისკენ გაიშვირა და მიანიშნეს მეორე ტაიმში გაცუდებულ ორ საგოლე მომენტზე.
რასაკვირველია, ეს არ არის ის კვარა, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო, ის, ვინც ყველას ბრწყინვალებით უტევდა და შეტევის კონსტრუქციის ფაზაშიც პროცენტულობა დაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კრიტიკას იმსახურებს.
ხვიჩა იგივე ფეხბურთელია, რომელმაც „ატალანტას“ მთელი დაცვა დააშრო, შემდეგ ბურთი მაღალ კუთხეში გაგზავნა და გაიტანა გოლი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება. ეს არის იგივე ფეხბურთელი, რომელიც „მარადონაზე“ „მონცას“ წინააღმდეგ გამოჩნდა, როგორც უცნობი, მაგრამ ჩემპიონის უნარები აჩვენა. ეს იგივეა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ცივ გერმანულ საღამოს დი ლორენცოს ქუსლით საოცნებო საგოლე პასი გაუკეთა.
სეზონის დასაწყისში, არავინ ელოდა ამგვარ გავლენას ფეხბურთელისგან, რომელიც შარშან საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. სერია A-ში პირველ წელს 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ციფრები თავისთავად მეტყველებს: ხვიჩა ჩემპიონია! მან გულშემატკივრები თამაშის გარკვეულ დონეს შეაჩვია და ახლა, როცა ბუნებრივ ფიზიკურ დაცემას განიცდის დამქანცველი სეზონის შემდეგ, კრიზისზე საუბარი სწორი არ არის.
ის ამ „ნაპოლის“ ერთ-ერთი გმირია, გუნდის, რომელსაც საბოლოოდ, 33 წლის შემდეგ ნანატრი სიხარული მოაქვს ქალაქისთვის და რაც არ უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად გახდება ამ გუნდის ისტორიის ნაწილი“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა და დიდი ალბათობით ტიტულს მომდევნო ტურში გაიფორმებს.