სხვა

21:53 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა! საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველომ სტუმრად აშკარა ფავორიტი უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდა.

დრამატული შეხვედრა გამოვიდა, რომლის ფინიში განსაკუთრებით დაძაბული და ემოციური იყო. საქართველო აგებდა (29:30), მაგრამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე მეტოქის შეტევა მოიგერია, ბოლოს კი, უკანასკნელ წამზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გიორგი ცხოვრებაძემ გოლად აქცია.

სწორედ ის იყო საუკეთესო 8 გოლით, ასევე უნდა გამოვარჩიოთ მეკარე ცინცაძის თამაში, რომელმაც არაერთი ბურთი მოიგერია.

ჯგუფში საქართველო მესამე ადგილზე გავიდა, ბოლოადგილოსანთან შედეგები გაუქმდა და შედეგად გამოვიდა, რომ ერთი მოგებით და 3 წაგებით საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდა, იმ გუნდებში, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში, 2024 წლის 10 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

უნგრეთი - საქართველო 30:31 (14:17)

0.1261