იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ შინ „სალერნიტანას“ ვერ მოუგო (1:1) და საჩემპიონო ზეიმი გადაედო.
ლუჩანო სპალეტის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას ინაღდებდა, მაგრამ ბოლოს გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა.
Eurosport 5.5 ქულა: „ანგარიშის გაზრდასთან მარცხენა ფეხით ერთ ნაბიჯში იყო, მერე კი მარჯვენა ფეხით დარტყმულზე ოჩოამ აჯობა. თამაში ვერ მოკლა“.
Numero-diez 6 ქულა: „პირველ ტაიმში არაზუსტი მოქმედებები ჰქონდა, ხანდახან ანათებს, მაგრამ უჭირს, როდესაც შეტევის დაგვირგვინების ფაზაა და ეს სიახლეა. მეორე ტაიმში უფრო საშიში გახდა, მაგრამ თამაშს კვალი ვერ დაატყო“.
Tuttonapoli 6.5 ქულა: „მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, მოძრაობს მთელი შეტევის ხაზზე და ყოველთვის თანაგუნდელებს შანსებს უქმნის. ახლოს იყო ანგარიშის გაორმაგებასთან, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ააცილა“.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „ნეაპოლის ღმერთებთან შედარების გარეშეც ამ იტალიის ჩემპიონის გუნდის ვარსკვლავია. მთელ შეტევაში მოძრაობს, ახლოსაც იყო გოლთან, თუმცა, ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა“.
Mediaset 6 ქულა: „ჩართულობა არ აკლია, მაგრამ ცოტა უზუსტობამ და ოჩოას დიდებულმა შუადღემ გოლი წაართვა. რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მატჩის ჩათვლით უკვე 8-თამაშიანი სერია აქვს, როცა ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 28 თამაშში 12 გოლი გაიტანა, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.
„ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ლაციოს“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 18 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ფორმალურად შანსი არსებობს, რომ ამ გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულონ, რა შემთხვევაშიც იტალიაში ამ ორ გუნდს შორის საჩემპიონო მატჩი გაიმართება.