ფეხბურთი

19:12 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ქულა "სალერნიტანასთან": "ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმი გადაედო

ნეაპოლში ყველაფერი მზად იყო საიმისოდ, რომ 33 წლის შემდეგ იტალიური ფეხბურთის გვირგვინი ისევ თავზე დაედგათ, მაგრამ...

მაგრამ „სალერნიტანამ“, ბულაიე დიამ და გილერმო ოჩოამ ნეაპოლს ყველაფერი ჩაამწარეს. უფრო სწორედ, მაინც მომდევნო ტურისთვის გადაადებინეს სკუდეტოს ფიესტა, არადა, „სტადიო მარადონაზე“ ჩემპიონობის აღნიშვნას მაინც სხვა ხიბლი ექნებოდა.

„ნაპოლი“ პირველივე წუთიდან უტევდა მეტოქეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ პირველ ნახევარში განსაკუთრებული სახიფათო მომენტები ვერ შექმნა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ზეწოლა გაზარდა და 62-ე წუთზე მატიას ოლივერამ ანგარიში გახსნა. ურუგვაელმა კუთხურის შემდეგ თავით გაიტანა. „ნაპოლი“ მოგებით ჩემპიონდებოდა, ამიტომაც იყო, რომ სტადიონზე კიდევ უფრო განსაკუთრებული ატმოსფერო შეიქმნა.

ცოტა ხანში ხვიჩ კვარაცხელიას ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარს მცირედით ააცილა. 84-ე წუთზე კი ნეაპოლი დადუმდა. სტუმარი გუნდი მანამდე შეტევაში ვერაფერს ახერხებდა, მაგრამ ბულაიე დიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ალექს მერეტს აუღებელი დაურტყა - 1:1.

ეს ცივი შხაპი იყო საზეიმოდ გამზადებული გუნდისა და ქალაქისთვის. დარჩენილ მცირე დროში „აძურიმ“ უკან მოუხედავად შეუტია და 87-ე წუთზე საჩემპიონო გოლთან ხვიჩა ძალიან ახლოს იყო, თუმცა სამწუხაროდ გილერმო ოჩოამ მისი დარტყმა მოიგერია...

ხვიჩას სანაკრებო მატჩის ჩათვლით უკვე 8-თამაშიანი სერია აქვს, როცა ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 28 თამაშში 12 გოლი გაიტანა, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.

„ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ლაციოს“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 18 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ფორმალურად შანსი არსებობს, რომ ამ გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულონ, რა შემთხვევაშიც იტალიაში ამ ორ გუნდს შორის საჩემპიონო მატჩი გაიმართება.

ეს მაინც ძნელი წარმოსადგენია, რადგან ამისთვის საჭიროა, ბოლო 6 ტურში „ლაციომ“ ყველა თამაში მოიგოს და „აძურიმ“ ყველა წააგოს... „ნაპოლის“ ჩემპიონობის განაღდება უბრალოდ გადაედო, ეს ნანატრი დღე კი ნეაპოლელებისთვის შეიძლება 4 მაისი იყოს, როდესაც „ნაპოლი“ „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

„ნაპოლი“ – „სალერნიტანა“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ოლივერა (62), 1:1 დია (84)

0.114841