ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „გრანადასთან“ სტუმრად 82:73 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კანარიელებმა პირველივე ტაიმში 13-ქულიანი უპირატესობა მიიღეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ.
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ქართველმა ცენტრმა 26:34 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ლენოვო ტენერიფე“ 22 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, „მურსიას“ უმასპინძლებს.
თავის მხრივ „მურსიამ“ „ფუენლაბრადას“ შინ იოლად 83:64 მოუგო. მასპინძლებმა პირველი პერიოდი 11 ქულით წააგეს, მაგრამ მომდევნო სამ პერიოდში მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
თად მაკფადენმა 22:31 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 11-დან 4 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 ორქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.
რატი ანდრონიკაშვილმა 5 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი თავის გუნდს 1 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. რატიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 ორქულიანი ააცილა.
„მურსია“ 13 მოგებით და 17 წაგებით სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა.