მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია.
საქართველოს ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სლოვენიის, ვენესუელისა და კაბო ვერდეს ნაკრებები იქნებიან. ცნობილია ისიც, რომ ილიას ზუროსის გუნდი იაპონიაში, კერძოდ, ოკინავაში ითამაშებს.
A ჯგუფი
ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი
სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო რიკო
C ჯგუფი
აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი
ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E ჯგუფი
გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
F ჯგუფი
სლოვენია, კაბო ვერდე, საქართველო, ვენესუელა,
G ჯგუფი
ირანი, ესპანეთი, კოტ დივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი
კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი
შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირზე ყველა ადგილი უნდა განაწილდეს, ამიტომაც, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს.
თითოეული ჯგუფიდან მეორე რაუნდში ორ-ორი საუკეთესო ნაკრები გავა. შედეგად, 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო პლეი-ოფში, უფრო კონკრეტულად კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. თავის მხრივ, ის ნაკრებები, რომლებიც პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევენ, 17-32-ე ადგილებისთვის ბრძოლას დაიწყებენ და ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან.
აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში ჩატარდება.