ავტოსპორტი

1:21 | 28.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი „მერსედესთან“ მოლაპარაკებას უარყოფს

„ფერარის“ შარლ ლეკლერმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, ის „მერსედესთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა გერმანულ გუნდში ლუის ჰამილტონის ადგილი დაიკავოს. „ჯერ არა“, - ასე პასუხობს მონაკოელი კითხვას „მერსედესთან“ მოლაპარაკების შესახებ.

ლეკლერისთვის ეს სეზონი ცუდად დაიწყო - სამიდან ორ რბოლას გამოეთიშა და მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა. გასულ სეზონში, მას პირველი სამი რბოლიდან, ორი ჰქონდა მოგებული, მესამეში კი მეორე ადგილი დაიკავა და გამოკვეთილი ფავორიტი იყო. მაგრამ „ფერარის“ არასაიმედო ტექნიკამ, რბოლის არასწორმა ტაქტიკებმა და საკუთარმა შეცდომებმა, ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება არ მისცა.

„არანაირი მოლაპარაკება არ გვაქვს, ჯერჯერობით. ამ მომენტში ეს არ ხდება. ამ ეტაპზე, იმ პროექტზე ვარ ფოკუსირებული, რომელშიც ვმონაწილეობ. ეს ფერარია, რომელსაც სრულად ვენდობი და მასთან ერთად, მომავლის რწმენა მაქვს. მერე ვნახოთ. მე ყოველთვის ვოცნებობდი ამ გუნდში ყოფნაზე და ჩემი პრიორიტეტი ისაა, რომ მასთან ერთად მოვიპოვო მსოფლიო ჩემპიონის წოდება. მე მიყვარს ფერარი“, - ამბობს ლეკლერი.

კითხვაზე, „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ხომ არ დაუკავშირდა, ლეკლერი პასუხობს: „არა, ნული, ნული. მართლა ნული. თქვენ ყველანი იღიმებით, რადგან ჩემი არ გჯერათ. მაგრამ უნდა დამიჯეროთ“.

ლეკლერს „ფერარისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აქვს. „მერსედესი“ კი ჰამილტონთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს ამოიწურება.

0.131904