ფეხბურთი

19:33 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

Calciomercato მიქაუტაძეზე: "კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? რატომაც არა?!"
„კუმირი იბრა და იგივე მაესტრო, რომელიც კრიშტიანუს ჰყავდა: იტალია მიქაუტაძეს უყურებს, კვარაცხელიას ძმას“

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონი აქვს და გასაკვირი არაა, უცხოური მედია მასზე აქტიურად წერს.

განსაკუთრებით იტალიური პრესა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი ნამდვილად გაზარდა. Calciomercato-ს ჟურნალისტი ანდრეა დისტაზო გიორგის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სათაურით: „კუმირი იბრა და იგივე მაესტრო, რომელიც კრიშტიანუს ჰყავდა: იტალია მიქაუტაძეს უყურებს, კვარაცხელიას ძმას“.

რონალდუს მაესტროში იგულისხმება ლაშლო ბოლონი, რომელიც ახლა „მეცში“ მიქაუტაძის მწვრთნელია, ხოლო თავის დროზე ლისაბონის „სპორტინგში“ დებიუტი რონალდუს სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჰქონდა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„კვარაცხელია და მისი ძმები. არსებობს საქართველო, რომლის საფეხბურთო მოძრაობა საგრძნობლად იზრდება და რომლის პოლარული ვარსკვლავი ცალსახად "ნაპოლის" ვარსკვლავია. მაგალითად, საფრანგეთში კი არის "მეცის" 22 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 2-ში 31 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ლიგა 1-ში აღზევებისკენ მიუძღვება. მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა მისი თანამემამულის, დავითაშვილის "ბორდოსთან", რომელიც თავის მხრივ, კვარასთან ერთად "დინამო თბილისში", ყაზანის "რუბინსა" და "დინამო ბათუმში" თამაშობდა.

მათგან განსხვავებით მიქაუტაძე არ დაბადებულა და არ გაზრდილა თავისი მშობლების ქვეყანაში, არამედ დაიბადა ლიონში, კარიმ ბენზემას, ალეკსანდერ ლაკაზეტისა და ამინე გუირის ქალაქში, სადაც პირველი ნაბიჯები აკადემიაში გადადგა. „შენ ძალიან დაბალი ხარ“ - უთხრეს მას და "მეცის" საფეხბურთო სკოლაში გადავიდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონატში 2019 წელს დებიუტიც ჰქონდა. შემდეგ იყო ბელგიაში 2-წლიანი პერიოდი „სერენის“ მაისურით. სწორედ იქ, მეორე დივიზიონიდან დაწყებული იუპილერ ლიგამდე, იკურთხა მიქაუტაძე, რომელმაც ორ სეზონში 36 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ მიიღო შანსი იმ კლუბში, სადაც მისი კარიერა დაიწყო, ისევე როგორც მირალემ პიანიჩის და სადიო მანეს.

ახლა არის საბოლოო აფეთქების სეზონი და რომელმაც მის მიმართ ზოგიერთი უცხოური კლუბის, მათ შორის იტალიურის, ინტერესი გამოიწვია. კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? რატომაც არა?!“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ცოტა ხნის წინ სხვადასხვა გამოცემები „უდინეზეს“ უკავშირებდნენ. ქართველ ფეხბურთელს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.116773