მილანის „ინტერი“ იტალიის თასის ფინალში ითამაშებს. „ნერაძურიმ“ „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა და ტიტულის შესანარჩუნებლად ფინალში იბრძოლებს.
მილანური გუნდი პრინციპულ მეტოქეს ყველაფერში აღემატებოდა და დამსახურებულად მოიგო. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, „ინტერი“ უფრო დიდი ანგარიშით მოგებასაც იმსახურებდა, მაგრამ ერთადერთ გოლს დასჯერდა, რომელიც მე-15 წუთზე ფედერიკო დიმარკომ გაიტანა. ისე კი, „ნერაძურის“ კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლო, მაშინ, როცა „იუვეს“ ნახევრად სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები იტალიის თასის ნახევარფინალში ისტორიაში მეექვსედ შეხვდნენ და "ინტერმა" "იუვეს" ბარიერის გადალახვა პირველად მოახერხა.
„ინტერი“, რომელმაც "იუვეს" ორი მატჩის ჯამში 2:1 აჯობა, ფინალში „ფიორენტინას“ ან „კრემონეზეს“ შეხვდება, თუმცა, დიდი ალბათობით ფლორენციელებს, რომლებმაც პირველი ნახევარფინალური თამაში სტუმრად 2:0 მოიგეს.
„იუვენტუსი“ კი კატასტროფულ ფორმაშია, ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო (1 ფრე) და ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად მასიმილიანო ალეგრი სამსახურს ინარჩუნებს...
„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დიმარკო (15)