ფეხბურთი

23:32 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასტელანოსმა "რეალს" 4 გოლი გაუტანა და "ჟირონამ" მოიგო (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ჟირონასთან“ დამარცხდა, რის შედეგადაც ჩემპიონობის იმედი ალბათ საბოლოოდ გადაიწურა.

მატჩს ერთი გმირი ჰყავდა, ყველასთვის მოულოდნელი - ტატი კასტელანოსი. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა პოკერი შეასრულა! მან „სამეფო კლუბი“ 4-ჯერ დაამწუხრა და პრაქტიკულად მარტომ მოუგო - 4:2.

„რეალის“ კარში პოკერზე ალბათ ყველას რობერტ ლევანდოვსკი გვახსენდება, რომელმაც 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოახერხა ამის გაკეთება, მაგრამ ლა ლიგაში?!

ესპანეთის ჩემპიონატში „რეალის“ კარში 4 გოლი ერთ მატჩში ბოლოს 1947 წელს ესტევან ეჩევარიას ჰქონდა გატანილი. კასტელანოსმა კი ისტორია გადაწერა და კარიერის მატჩი ჩაატარა.

„რეალს“ 65 ქულა აქვს, „ბარსელონას“ 11 ქულით ჩამორჩება და თამაშითაც მეტი აქვს ჩატარებული. „ჟირონა“ 41 ქულით მეცხრეა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაჭრა.

„ჟირონა“ – „რეალი“ 4:2 (2:1)

გოლები: 1:0 კასტელანოსი (12), 2:0 კასტელანოსი (24), 2:1 ვინისიუსი (34), 3:1 კასტელანოსი (46), 4:1 კასტელანოსი (62), 4:2 ლუკას ვასკესი (85)

0.133761