საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა - გორში...
„დინამო არენაზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საშინაო მატჩებს გორში ატარებს და ასე იყო „დილას“ წინააღმდეგაც. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ რასაკვირველია გორელი გულშემატკივარი მივიდა. მოკლედ, ფორმალურად, მასპინძელი „დინამო“ იყო, რეალურად „დილა“.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და აჯობა კიდეც. დავით კობოურის ავტოგოლით მეორე ტაიმის დასაწყისში „დილა“ დაწინაურდა, მერე კი მიკოლა კოვტალიუკმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მალევე, ზორან მარუშიჩმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ თბილისელებმა მეტი ვეღარ შეძლეს.
ამრიგად, „დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეორედ წააგო და 20 ქულით ისევ მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმი“ ამ ტურში თუ მოიგებს, 4-ქულიან უპირატესობას მოიპოვებს.
„დილა“ 14 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება, წინ კი ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრა ელოდება.
„დინამო თბილისი“ – „დილა“ 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 კობოური (55. ა.გ), 0:2 კოვტალიუკი (61), 1:2 მარუშიჩი (63)