საქართველოს ეროვნული ლიგის მეათე ტური „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა იოლად მოიგეს.
ომარ თეთრაძის გუნდი კარგ ფორმაში შევიდა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ორ თამაშში კი „დინამო თბილისსა“ და „ტორპედოსთან“ სტუმრად 6 ქულა მოიპოვა.
თბილისურმა გუნდმა პირველივე ტაიმში გიზი მამაგეიშვილისა და იური ტაბატაძის გოლებით მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი არაბიძეს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, რასაც სულ მალე სტუმართა მესამე გოლი მოჰყვა, რომელიც ოთარ მამაგეიშვილის აქტივშია.
„საბურთალომ“ ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“ 16 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა. კახა ჩხეტიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას გორში, „დილასთან“ ჩაატარებს.
„ტორპედო“ – „საბურთალო“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 გ. მამაგეიშვილი (26), 0:2 ტაბატაძე (39, პენ), 0:3 ო. მამაგეიშვილი (57)