რაგბი

12:34 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ჩემპიონი ტიტულის დაცვას განაგრძობს

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების გასავრდნ ფინალში, ქუთაისში ‘აიას’ 9:6 სძლია და ფინალის საგზურისთვის 30 აპრილს ‘ლელო-სარასენსს’ ერკინება.

„აია არენაზე“ გამართული შეხვედრა, ისევე, როგორც 2021 წლის ფინალი, დაძაბული გამოდგა. დაძაბულობამ მატჩის სანახაობრივი მხარე დააკნინა, თუმცა ტრიბუნაზე შეკრებილ ქომაგს, დაძაბულობიდან გამომდინარე, მოსაწყენად არ ეცალა. ზღვისპირელებმა 2 წლის წინანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს.

ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო, რომ გუნდებმა შეცდომები მრავლად დაუშვეს. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ლელოს გატანასთან რამდენჯერმე იყვნენ ახლოს, თუმცა 100%-იანი შესაძლებლობები გამოუყენებელი დარჩა. ბათუმელებმა კარგი შეტევების შემდეგ ორჯერ ვერ შეძლეს მარტივი პასის დაუფლება, თორემ შემტევის შემჩერებელი აღარავინ იყო.

ზღვისპირელები მე-7 წუთზე მამუკა ნინიის ჯარიმით დაწინაურდნენ. ისინი სრულად დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, რასაც მასპინძლების მხრიდან ჯარიმები მოყვა და 21-ე წუთზე გუნდის კაპიტანი პეტრე ჯინჭარაძე სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულმა ‘აიამ’ თავი დაიცვა, მაგრამ 34-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და მამუკა ნინიძემ გასატანი პოზიციიდან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ქუთაისელები გააქტიურდნენ, ‘ბათუმი’ მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს, შეცდომები დააშვებინეს და ნიკა ღლონტმა ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

მეორე ტაიმის პირველმა ნახევარმა საათმა ბრძოლაში, თუმცა უქულოდ ჩაიარა. გუჯა მახარეიშვილს 63-ე წუთზე არცთუ ცუდი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 70-ეზე უკეთესიდან წონასწორობა აღადგინა. ნინიძემ 74-ე წუთზე ‘ბათუმი’ ჯარიმით კვლავ დააწინაურა, თუმცა შემდეგ ჯერზე გუნდმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და ბურთი დაკარგა. ‘აიამ’ გაწითლებულ დროზე მიიღო შანსი. ჯარიმა თითქმის კარის წინ, 35 მეტრში დაინიშნა. ახლა ქუთაისელებმა იუარეს 3 ქულის აღება და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა, ‘ბათუმმა’ კი მოლში თავი დაიცვა და 9:6 გამარჯვებით, მცირე ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ ფიჯელი ლეგიონერი ჩიუტა მბიაუ მბატირერენგა გახდა.

RUGBY.GE

0.1141