მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა, ბარსელონას ღია პირველობის ფინალში, 6-3, 6-4 მოუგო ბერძენ სტეფანოს ციციპასს და ამ ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. 19 წლის ჩოგბურთელისთვის, ეს მიმდინარე სეზონში მესამე, კარიერაში კი მეცხრე ტიტულია.
ალკარასს ტრავმის გამო, ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია. მაიამის მასტერსზე ის ნახევარფინალში დამარცხდა. მაგრამ ბარსელონაში დაბრუნდა და ჩემპიონის ტიტული ისე დაიცვა, ერთი სეტიც არ დაუთმია.
დეკემბერში ალკარასი ATP-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი გახდა. თუმცა ტრავმის გამო, ეს წოდბა დაკარგა. ამის მიუხედავად, საფრანგეთის ღია პირველობაზე ფავორიტი იქნება და ეს სტატუსი ბარსელონაში დაამტკიცა. მსოფლიოს მეხუთე ჩოგან ციციპასს მან 80 წუთში მოუგო. საინტერესოა, რომ ციციპასისთვის, ეს ალკარასთან ზედიზედ მეოთხე წაგებაა.
„დღეს მე მე ვიყავი. მოძრავი და დასვენებული ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ მიზანს ასეთ სტილში მივაღწიე. გუშინ ძილის წინ, ძალიან დაძაბული ვიყავი. გახურების სესიამ დამამშვიდა. მინდდა, ყველაფერი დამევიწყებინა და კორტზე საკუთარი თავი ვყოფილიყავი“, - ყვება ალკარასი.
მან პირველი სეტი 38 წუთში მოიგო. არადა მესამე გეიმში ციციპასმა პირველმა მიაღწია ბრეიკს. ალკარასმა სწრაფად გაქვითა ანგარიში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მგება. მან მეორე კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყო და მეხუთე გეიმში კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია. ამის შემდეგ, მეტოქისთვის ანგარიშის გათანაბრების შანსიც არ მიუცია.