ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსია“ „მანრესას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 83:93 დამარცხდა.
მაკფადენმა 17 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა.
რატი ანდრონიკაშვილს მხოლოდ 3:52 წუთი დაუთმეს, ხსენებულ დროში კი 1 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. რატიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა.
„მურსია“ 12 მოგებით და 17 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 აპრილს, „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებს.