რაგბი

13:02 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | რუსთავის "ხარები" ფინალშია

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ შესარჩევ ფინალში 26:17 სძლია და 6 მაისს „ავჭალაზე“, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონის სახელის მოსახვეჭად იბრძოლებს.

2019 წლის შემდეგ, ‘ხარები’ ფინალში მეორედ ითამაშებს. 4 წლის წინ რუსთაველები ‘ბათუმთან’ დამარცხდნენ, გასული სეზონი კი მესამე ადგილზე დაასრულეს და უკვე გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სეზონი წინაზე წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ წინ სეზონის მთავარი მატჩია და ‘ხარები’ 30 წლის შემდეგ მეორე ჩემპიონობის (პირველი 1993 წელს იზეიმა) მოპოვებას ეცდება, მისი მეტოქე კი 30 აპრილს გაირკვევა.

რაც შეეხება ‘ლელოს’, დიდ დიღმელებმა რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს, თუმცა ფინალის საგზურისთვის გზა რუსთავმა გაუმრუდა. ვინ იქნება მცირე ფინალში ‘ლელოს’ მეტოქე ხვალ გაირკვევა, როდესაც ქუთაისში, ‘აია არენაზე’ ‘აია’ ‘ბათუმს’ დაუხვდება (17 საათზე).

რადგან „ლელო არენაზე“ მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ‘ლელომ’ ‘ხარებს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლა. მატჩს ორივე გუნდის გულშემატკივარი მრავლად დაესწრო და შეხვედრამ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. თავად თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. ქომაგმა რამდენიმე თვალსასეირო ლელო იხილა, ‘ხარებმა’ კი გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით წუთებში მოიპოვა.

თამაში თბილისელების აქტიურობით დაიწყო და მალევე ირაკლი ყიასაშვილმა კარის წინ 15 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-15 წუთზე ყიასაშვილს საკუთარი 22-იდან დარტყმა გაუცუდდა, ვაჟა ხუციშვილმა კონტრშეტევა წამოიწყო ფარნა გასვიანმა დასკვნით ფაზაში ხაზი გაჭრა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა. ნელ-ნელა სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მეტოქის შეცდომებს სწრაფი და სახიფათო შეტევებით პასუხობდნენ და ორჯერ შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ თითქმის გარდაუვალი ლელოებისგან ‘ლელომ’ თავი დაიცვა, ტაიმის ბოლოს კი უკვე თავად შეძლო მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ნიკა ბაბუნაშვილმა კარის წინ ხაზი იოლად გაჭრა. ყიასაშვილმა გარდასახა, მალე ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი 10:7 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ხარების’ სახიფათო შეტევით დაიწყო, გიორგი ბასილაიამ ხაზი გაჭრა და ისე ჩანდა, გასვიანს ვეღარავინ შეაჩერებდა, მაგრამ კონტაქტისას ბურთი წინ გადაუვარდა. პასუხად, 45-ე წუთზე, გაგა ქევხიშვილმა მარცხენა ფრთაზე, 10-მეტრიან წყვეტილთან მიიღო ბურთი, სიჩქარე აკრიფა. გზად სამ მბოჭავს ჩაუქროლა და 40-მეტრიანი, ინდივიდუალური ლელო ძელებსშუა გაიტანა, ყიასაშვილმა კი გარდასახვით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ‘ხარები’ ინიციატივას ფლობდა და თამაშში 5 წუთში დაბრუნდა, როდესაც მოლი ლევან ჭავჭავაძის ლელოთი დასრულდა. 64-ე წუთზე რუსთაველთა კაპიტანმა ლევან ნარიმანიძემ გაიბრწყინა. რამდენიმე ფაზის შემდეგ მან ბურთი ლელოდან დაახლოებით 35 მეტრში მიიღო, მოძრაობისას მიმართულება შეცვალა, ხაზი გაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა. გიორგი ელოშვილმა კარის წინიდან გარდასახა და სტუმრები დააწინაურა.

70-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაუშვეს შეცდომა, როდესაც საკუთარ 5-მეტრიანთან ბურთი დაკარგეს, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და ფარნა გასვიანის დუბლი მოყვა. ელოშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო, დარჩენილ დროში ‘ხარებს’ ჯარიმაც გაუცუდდა, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და რუსთაველებმა ფინალში გასასვლელი მატჩი 26:17 მოიგეს. შესარჩევი ფინალის საუკეთესო მოთამაშე ლევან ნარიმანიძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114476