საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ილაპარაკა. ქართველმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონასთან შედარებაზე, „ნაპოლიზე“, „დინამო ბათუმსა“ და ძალიან დიდ წნეხზე ისაუბრა.
„მარადონა აქ მეფესავითაა. თავიდან წარმოუდგენელი იყო ჩემი სახელის მასთან გაიგივება, მეგონა, რომ ეს სიზმარი იყო. მარადონას კულტი არსებობს, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი, რადგან დიად ფეხბურთელთან შედარება მშვენიერია. უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი - დიდი გამოწვევაა ასეთი გზის გავლა ძალიან პატარა ერიდან, მაგრამ ამბიციური ვარ და ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების. ამან ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„დინამო ბათუმი“? იქ გატარებულმა ორმა თვემ დამიბრუნა მონდომება და ენერგია, რომელიც დაკარგული მეგონა: გულშემატკივრებმა, რომლებიც სტადიონს ავსებდნენ და ჩვენს მხარდასაჭერად მოდიოდნენ, შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს.
„ნაპოლი“? ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს, ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში და ამისთვის მადლობელი ვარ. ტემპში და სისწრაფეში დიდი განსხვავებაა, აქ უაღრესად ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც შეტევაში გამოირჩევიან და დაცვითი ფეხბურთიც იციან. ჩემი აზრით, ადაპტაცია გავიარე და სწრაფად შევეჩვიე მსგავს გამოწვევას.
ზეწოლა? ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი მაქვს, მაგრამ შემიძლია ამას გავუძლო. თუმცა, როდესაც მოედანზე გავდივარ, 11-11-ის წინააღმდეგ, მთელი ეს წნეხი ქრება. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ფეხბურთს ვთამაშობ“, - თქვა ხვიჩამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ სერია A-ს 31-ე ტურში 23 აპრილს, ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.