ჭიდაობა

21:35 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე და იაკობ ქაჯაია.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ გუშინ თურქი მეჰმეთ ჩეკერი (9:1) და ბულგარელი აბუ ამაევი (11:2) დაამარცხა, ოქროს მედლისთვის კი დღეს, აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს დაუპირისპირდა, რომელსაც იოლად 5:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ გუშინ უკრაინელი ვიაჩესლავ ბაირაკტარი 10:0 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ ადემ ბურაკ უზუნთან 3:13 წააგო, შესაბამისად, დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს აშკარა უპირატესობით, პირველივე პერიოდში 9:0 აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ გუშინ ხორვატი ივან ჰუკლეკის (9:0) და შვედი ალექს კესიდისის (6:0) ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი თურქ ალი ჯენგიზთან 1:3 წააგო, რის შედეგადაც დღეს ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ხალიჩაზე. ლაშამ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 3:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

130 კგ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლა იაკობ ქაჯაიამ, რომელმაც გუშინ იტალიელი დანილა სოტნიკოვი (1:1) და უკრაინელი მიხაილო ვიშნივეცკი (7:1) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ საბაჰ სალეჰ შარიათისთან ბოლო ქულით წააგო (1:1). ბრინჯაოს მედლისთვის კი დღეს რუმინელ ალინ ალექსიუს ჩიურარიუს ბოლო ქულის უპირატესობით (1:1) აჯობა, შედეგად, მედალი დაისაკუთრა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, რომ ხვალ, შეჯიბრების ბოლო დღეს ფინალში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ჯონი ხეცურიანი, ხოლო რობერტ კობლიაშვილი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ბერძნულ-რომაულამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

0.110632