ფეხბურთი

21:08 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" ზედიზედ მესამე და "გაგრას" მეორე მოგება ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგის მეცხრე ტური დღეს ორი მატჩით დასრულდა, რომლებშიც გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.

წყალტუბოს „სამგურალმა“ იმერულ დერბიში „სამტრედიას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო. თავიდან სტუმრები იგებდნენ ზვიად ნაჭყებიას გოლით, მაგრამ 83-ე და 88-ე წუთებზე ნოდარ ლომინაძისა და ტაიკი კაგაიამას გოლებით წყალტუბოელებმა იმარჯვეს.

„სამგურალისთვის“ ეს იყო ზედიზედ მესამე მოგება, რის შედეგადაც 16 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „გაგრას“ უმასპინძლებს, ხოლო „სამტრედიას“ კრიზისული პერიოდი უდგას, მხოლოდ 4 ქულით ბოლო ადგილზეა, წინ კი „თელავთან“ მატჩი ელოდება, რომელიც პირველ ტურში დაამარცხა და მას შემდეგ 8 ტურში მოუგებლად ითამაშა (მხოლოდ ქულა მოიპოვა).

„გაგრამ“ უშუალო კონკურენტ „შუქურასთან“ დამაჯერებლად, 2:0 მოიგო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები მოიპოვა. პირველ ტაიმში მათეუს მარკონდელემ გაიტანა, ნაანტრაქტევს კი თეიმურაზ შონიამ.

„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 8 ქულას მოუყარა თავი და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი „სამგურალთან“ ჩაატარებს. „შუქურას“ აქტივში 6 ქულაა, მერვე ადგილზეა და შემდეგ მატჩს „დინამო ბათუმთან“ გამართავს.

„გაგრა“ – „შუქურა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მარკონდელე (15), 2:0 შონია (67, პენ)

„სამგურალი“ – „სამტრედია“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნაჭყებია (63), 1:1 ლომინაძე (83, პენ), 2:1 კაგაიამა (88)

0.13212