რაგბი

10:27 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომი" "პამპასთან" დამარცხდა

‘შავმა ლომმა’ სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში, მონტევიდეოს გარეთ დაგეგმილი ერთადერთი მატჩი არგენტინაში, ‘პამპასთან’ გამართა, რომელიც არგენტინის მეორე-მესამე ნაკრების ნაზავს წარმოადგენს.

ბუენოს აირესში გამართული შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ‘შავი ლომი’ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ლამაზი შეტევა განახორციელა. ლამაზი, სწრაფი შეტევები მეორე ტაიმშიც იყო, თუმცა შესვენების შემდეგ მსაჯი ხშირად გვაჯარიმებდა და დიდი ხნის განმავლობაში უბურთოდ დავრჩით.

სწრაფი, მებრძოლი და შემტევი გუნდი იყო მეტოქეც და მთლიანობაში, ‘შავ ლომს’ კარგი ტესტი გამოუვიდა. მისი მსვლელობიდან გამომდინარე, გამარჯვებას სტუმრები იმსახურებდნენ, მაგრამ რამდენიმე სალელოვე შეტევა ტექნიკური წუნის თუ უდისციპლინობის გამო გამოუყენებელი დარჩა.

მოგება თვითმიზანი რომ არ იყო, ‘შავმა ლომმა’ ხელსაყრელი პოზიციებიდან 3 ქულის აღებას, კომბინაციებით თამაში არჩია და ხარისხიანადაც ივარჯიშა. თავის მხრივ, ‘პამპასს’ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება სურდა და გადამწყვეტი ქულებიც კარში დარტყმებით მოიხვეჭა.

სამწუხაროდ, მატჩის დებიუტშივე დაშავდნენ და შესაცვლელი შეიქმნენ ლაშა ხმალაძე და ნიკო აფციაური, რამაც ჩვენი თამაში არია. დაზიანებები ‘შავი ლომის’ მორაგბეებმა მერეც მიიღეს და მათი სიმძიმისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ‘შავ ლომში’ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ბორჯღალოსანმა მიხეილ ნარიაშვილმა. ტრავმის შემდეგ გუნდის ძირითადში პირველად იყო გრიგორ ქერდიყოშვილი.

ჩვენი შერკინება მეტოქისას უმეტეს შემთხვევებში ჯაბნიდა. უპირატესობა გვქონდა მოლშიც. თენგიზ პერანიძეს რაქიდან ბურთი სწრაფად გაქონდა და ხაზი სისწრაფეზე თამაშობდა. ლამაზი კომბინაციებით, რომელშიც ფაქტობრივად მთელი ხაზი იყო ჩართული, უპირატესობის მოპოვება ბევრჯერ მოხერხდა და ბურთით ხელში მეტოქეზე ბევრად მეტი მეტრიც მოვიგეთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში იყო ხარვეზებიც.

ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და აქ უპირატესობას ‘პამპასი’ ფლობდა. მათ ასევე რამდენჯერმე მოახერხეს საწყისი ბურთის აღება და რაქებშიც შეგვიქმნეს პრობლემები.

მორკინალებითაც და ხაზითაც

პირველ ტაიმში ‘შავი ლომი’ მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ის მორკინალებითა და ხაზით დაბალანსებულად თამაშობდა და სრულად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას.

ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გახსნეს. ხოაკინ ლამასმა ლელოდან 10 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ლელო გაიტანა. სტუმრებმა ტემპს უმატეს, რასაც მირიან მოდებაძის გარღვევა და ჯარიმა მოყვა, მოლის შემდეგ კი, ნიკო აფციაურს ლელოში ბურთი ჩაუხურეს. მე-17 წუთზე ძალისმიერი ლელო მაინც ვიხილეთ. 10-მეტრიანი მოლი 5 ქულით შალვა მამუკაშვილმა დაასრულა და ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახვით დაგვაწინაურა.

მომდევნო 15 წუთში ‘შავმა ლომმა’ არაერთხელ შეძლო ხიფათის შექმნა. ოთარ ლაშხის გარღვევის შემდეგ მეტოქემ ბოლო პასი ჩაჭრა და ნაღდ ლელოს გადაურჩა. დერეფნიდან ნარიაშვილისა და მამუკაშვილის გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, შალვა აუტში ალამთან გადაიყვანეს. ასეთ სიტუაციაში, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ‘პამპასმა’ დაახლოებით 35 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და კვლავ წინ გაიჭრა.

განახლდა თუ არა შეხვედრა აქტიურმა ოთარ ლაშხმა პირველი ბურთი მოიგო და მეტოქის 22-ში შეუტია, საპირისპირო ფრთაზე თორნიკე კახოიძემ ინტერვალში დემე თაფლაძე შეიყვანა. რამდენიმე ფაზის შემდეგ მატკავამ ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და თავისივე გატანილი ლელო გარდასახა – 14:8.

უდისციპლინობა თუ შეცდომები

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. მსაჯმა ‘შავი ლომის’ დაჯარიმებებს მოუხშირა და ფაქტობრივად უბურთოდ დატოვა. დებიუტში ‘პამპასმა’ ორჯერ მიიღო 3-3 ქულის აღების კარგი შესაძლებლობა და წონასწორობა აღადგინა. სტუმრებმა მოუმატეს, ინიციატივა დაიბრუნეს, 54-ე წუთზე ფაზები აკინძეს, მატკავამ ცენტრში გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა მიხეილ გაჩეჩილაძე და შებოჭილი თანაგუნდელისგან ოფლოუდი შეირგო, მერე კი შებოჭილმაც იარა. პერანიძემ რაქიდან ბურთი ფრთაზე, თორნიკე კახოიძეს გაუტანა, რომელმაც ბოლო მცველი მოძრაობაზე დაიჭირა და ლელო მიითვალა, მატკავამ კი გარდასახა.

‘პამპასი’ არ გატყდა. რამდენიმე წუთი მეტოქის იერიშებს წარმატებით ვიგერიებდით, მაგრამ 62-ე წუთზე გაჩეჩილაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ, 72-ე წუთზე ‘პამპასმა’ ჯარიმაც გაიტანა და 24:21 დაწინაურდა. დასკვნით წუთებში მასპინძლები ორჯერ დაჯარიმდნენ, მაგრამ ‘შავ ლომს’ კარში დარტყმაზე არც უფუქრია და 5-მეტრიან დერეფანში ბურთი დაკარგა. დასკვნით წუთებში ლუკა ივანიშვილმა შეძლო ბურთის მოპოვება და შეუტია, მაგრამ გაგრძელება ვერ იპოვა, მიყოლამაც დაიგვიანა და ‘პამპასმა’ 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

‘შავი ლომი’ ურუგვაიში, მონტევიდეოში დაბრუნდება და ჩვენი დროით 29 აპრილს, 1 საათზე, წვეულ გუნდს SUDAMERICA XV-ს ეთამაშება.

სამხრეთ ამერიკული ტურნე 21 აპრილი. ბუენოს აირესი. დეპორტივა ფრანცესა შავი ლომი (საქართველო) – პამპასი (არგენტინა) 21:24 (14:8) შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19.მიხეილ ბაბუნაშვილი 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. თორნიკე აქუბარდია, 25. გიგა ჯულუხაძე.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101082