ჩოგბურთი

1:00 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მადრიდის ღია პირველობასაც გამოტოვებს

რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ ვერც მადრიდის ღია პირველობაზე ითამაშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ თეძოს ტრავმის მკურნალობის შემდეგ, რეაბილიტაცია გაუჭიანურდა. ეს ტრავმა მან ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშისას მიიღო.

ამავე ტრავმის გამო, მან ინდიან ველსზე, მაიამის ღია პირველობაზე და მონტე კარლოს მასტერსზე ვერ ითამაშა. და ამჟამად მიმდინარე ბარსელონას ტურნირსაც ტოვებს.

„თავიდან ვფიქრობდი, რომ გაჯანსაღებას ექვსი-რვა კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ მე-14 კვირაა და ჯერ ისევ ვერ ვთამაშობ. რეალობა ასეთია. ისეთი სიტუაცია არ მაქვს, როგორსაც ველოდი. ყველა სამედიცინო პროცედურა შესრულებულია. მაგრამ გაჯანსაღება შეფერხდა და ახლა რთულ სიტუაციაში ვარ. ამის გამო უკვე ვერ შევძელი მონტე კარლოში და ბარსელონაში თამაში. და სამწუხაროდ, ვერც მადრიდში თამაშს შევძლებ“, - ამბობს ნადალი.

ის კვლავაც იმედოვნებს, რომ როლან გაროსამდე, რომელიც 14-ჯერ აქვს მოგებული, მწყობრში ჩადგომას მოასწრებს. მაგრამ აღიარებს, რომ ტრავმის გამო, სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს:

„უკვე ვვარჯიშობდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი მკურნლობა იყო საჭირო. თუ სიტუაცია გაუმჯობესდა, მერე გადავხედავ, რა უნდა ვქნა. ვადების განსაზღვრა არ შემიძლია, რადგან გარკვეული რომ ვიყო, გეტყოდით. მაგრამ არაფერი ვიცი. მოკლედ, ასეა“.

0.117936