თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
გენო პეტრიაშვილი ვერცხლს დაეუფლა (125 კგ), რომელმაც ფინალამდე ბერძენი აზამატ ხოსონოვი (12:2) და უნგრელი დანიელ ლიგეტი დაამარცხა (7:4), ხვალ კი ოქროს მედლისთვის თურქ ტაჰა აკგულს გაეჯიბრა, მაგრამ 4:9 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დღესვე, 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა ფარტენაძემ უნგრეთის სახელით მოასპარეზე გამჯატგაჯი ხალიდოვი 5:1 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ბოლო ქულებით ალბანელ ზელიმხან აბაკაროვთან მარცხი განიცადა (4:4), შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელ ტარას მარკოვიჩს დაძაბულ ბრძოლაში 6:5 აჯობა.
74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ უკრაინელი სემენ რადულოვი (8:0) და შვეიცარიელი ტობიას პორტმანი (11:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვთან 1:5 წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს იოლად, 8:0 მოუგო.
ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლა მირიან მაისურაძე (92 კგ), რომელმაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ფილიპ ფინესილვერთან 7:0 მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში თურქ ფეიზულაჰ აკტურკთან მარცხი განიცადა და დღეს ბრინჯაოსთვის უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაია 7:2 დაამარცხა.
ამრიგად, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც ასპარეზობა გუნდურ მეორე ადგილზე დაასრულა.