„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება ადვილი არ იყო, რის გამოც დავიდე კალაბრია შეაქო.
„მირჩევნია ამ გამარჯვებით დავტკბე, ვიდრე ვიფიქრო ვის შევხვდებით, „ინტერს“ თუ „ბენფიკას“. ვინც იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი ნახევარფინალი იქნება. „ნაპოლი“ სერია A-ს დამსახურებულად მოიგებს და ჩვენ უფრო ვამაყობთ, რომ მათი დამარცხება მოვახერხეთ.
კალაბრიამ შესანიშნავად ითამაშა, თანაგუნდელებიც ძალიან დაეხმარნენ. ადვილი არ არის ისეთი ძლიერი ფეხბურთელის შეჩერება, როგორიც კვარაცხელიაა. ლოზანოზე პენალტი იყო? ყველა მატჩში არის მსაჯის გადაწყვეტილებები, რომელთა განხილვა შეიძლება. დღეს თამაში მსოფლიოს საუკეთესო მსაჯმა იმსაჯა“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. „როსონერი“ მომდევნო ეტაპზე „ინტერს“ ან „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.