ჭიდაობა

23:07 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მეორე მედალი და პირველი ოქრო გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.

97 კგ წონით კატეგორიაში მაჭარაშვილმა მოლდოველი რადუ ლეფტერი (11:0), თურქი იბრაჰიმ ჩიფტჩი (4:3) და ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 9:1 დაამარცხა. ფინალში გივის მეტოქე აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი იყო, რომელსაც აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

65 კგ წონით კატეგორიაში ედემ ბოლქვაძემ გუშინ თურქი ჰამზა ალაჩა (4:3) დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ მიკაი ნაიმთან 2:6 წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ედემი რეპეშაჟში გადავიდა. შედეგად, ბოლქვაძემ დღეს რეპეშაჟის პირველ წრეში შვეიცარიელი ნინო ლოიტერი 6:0 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის კი რუმინელ სტეფან კომანთან, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულით მოიგო (2:2).

57 კგ წონით კატეგორიაში ჯერ ფინალამდე და შემდეგ მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა რობერტ დინგაშვილს. მან მეოთხედფინალში რუმინელი რაზვან კოვაჩი 13:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ სულეიმან ატლისთან 1:13 წააგო. მედლისთვის ქართველი მოჭიდავის მეტოქე ბულგარელი გეორგი ვანგელოვი იყო, რომელთანაც უშანსოდ 0:10 დამარცხდა, შედეგად, უმედლოდ დარჩა.

აქვე გეტყვით, რომ 19 აპრილს, ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი, ხოლო ავთანდილ კენჭაძე, შოთა ფერტენაძე და მირიან მაისურაძე ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავლენ.

0.120173