ფეხბურთი

17:56 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "ზივზივაძემ აჩვენა, რომ მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია"

ბუდუ ზივზივაძემ გასულ უიქ-ენდზე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი ბილეფელდის „არმინიასთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო.

„კარლსრუემ“ 4:2 მოიგო და ყველა გოლი ბუდუს მოედნიდან გასვლის შემდეგ გაიტანეს, მაგრამ ქართველის თამაშს დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. მატჩის შემდეგ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა:

„კარგი დებიუტი იყო ძირითად შემადგენლობაში. გასაგებია, რომ კიდევ რამდენიმე თამაში მჭირდება იმისათვის, რომ პრაქტიკა მქონდეს. ეს იყო ჩემი პირველი თამაში ძირითადში, რასაც უნდა შევეჩვიო, ადვილი არ იყო. იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებში გოლს გავიტან. გამარჯვება კი დავიმსახურეთ“, - თქვა ზივზივაძემ.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ მატჩის შემდეგ „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ისაუბრა:

„ბუდუმ თავისი თვისებები ვარჯიშებზე წარმოაჩინა, განსაკუთრებით ბოლო დროს. საქართველოს ნაკრებში თამაშმა მასზე კარგად იმოქმედა, ისევე როგორც იმან, რომ ახლა მისი ოჯახი კარლსრუეშია. ეს ყველაფერი დაეხმარა. მან ძალიან კარგად ითამაშა, გამოიყენა თავისი ფიზიკური მონაცემები. აჩვენა, რომ შეუძლია მეტოქეებისთვის არასასიამოვნო მოთამაშე იყოს. ყველაფერმა 100%-ით ჯერ არ იმუშავა, მაგრამ ეს ნორმალურია. ეს პირველი ნაბიჯი იყო და კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ დღემდე 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. გერმანული გუნდი უახლოეს შეხვედრას 21 აპრილს, „დარმშტადთან“ ჩაატარებს.

0.119018