ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა პაოლო სპეკიამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ჩემპიონი არ არის და არც „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებშია.
მან „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩის წინ იტალიურ მედიასთან გააკეთა კომენტარი:
„ნაპოლიმ“ მილანში კარგად ითამაშა, მხოლოდ გოლი დააკლდა და გოლიც იმიტომ გაუშვა, რომ არ არის მიჩვეული ტაქტიკური ჯარიმის აღებას, არადა, მარიო რუის ამის გაკეთება შეეძლო. თუმცა, სპალეტისთან სასაყვედურო არაფერი მაქვს ტაქტიკური თვალსაზრისით, დანაკლისის ფონზე ელმასის ფორვარდად თამაშის არჩევანმაც დამარწმუნა. „მარადონაზე“ ოსიმენის დაბრუნება ფუნდამენტურია, ის გადამწყვეტი მოთამაშეა, კვარაცხელიაზე მეტადაც. მეტსაც გეტყვით: ჩემი აზრით, „ნაპოლიში“ 3 გადამწყვეტი ფეხბურთელია - ნიგერიელი, კიმი და ლობოტკა, ალბათ, ცოტათი დი ლორენცოც. კვარა კი არა, რომელიც ჯერ არ არის ჩემპიონი, შეიძლება გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით, სტაბილური არაა“, - თქვა სპეკიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.