ბოსტონის მარათონის ორივე გარბენი კენიელმა მორბენლებმა მოიგეს. მამაკაცებს შორის ყველაზე სწრაფი და გამძლე ევანს ჩებეტი იყო, ვინც ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მარათონი. ქალთა შორის კი ჰელენ ობირიმ გაიმარჯვა.
მათმა თანამემამულემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელიუდ კიპჩოგემ კი ასპარეზბა სამეულს მიღმა დაასრულა. ჩებეტს 10 წამით ჩამორჩა ტანზანიელი გაბრიელ გეაი, მესამეზე კი ბოსტონის 2021 წლის მარათონის ჩემპიონი, კენიელი ბენსონ კიპრუტო გავიდა, ვინც გამარჯვებულთან 12 წამი წააგო.
ჩებეტმა, ვინც შარშან ნიუ იორკის მარათონი მოიგო, გადამწყვეტი შეტევა 35 კილომეტრის შემდეგ დაიწყო. გეაიმ შეძლო მისი გაყოლა. მათ მე-40 კილომეტრზე კიპრუტოც წამოეწია. და მათ სამმა ერთად გააგრძელეს სირბილი. ფინიშამდე კილომეტრნახევარზე მეტი რჩებოდა, როდესაც ჩებეტმა კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს და ამჯერად, მისი გარღვევა უპასუხოდ დარჩა. ის 2008 წლის შემდეგ პირველი მორბენალია, ვინც ზედიზედ ორჯერ შეძლო ბოსტონის მართონის მოგება.
კიპჩოგე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ შუა გზაზე გადაიღალა და ჩამორჩა. საბოლოოდ კი მეექვსე ადგილს დასჯერდა.
იბირიმ მარათონულ დისტანციაზე სულ მეორედ იასპარეზა. მან თითქმის მთელი დისტანცია ლიდერ ჯგუფთან ერთად გაატარა. ფინიშამდე კილომეტრნახევრით ადრე კი ტემპი გაზარდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მას 12 წამით ჩამორჩა ეთიოპიელი ამანე ბერისო, ვისაც ქალთა შორის, ყველა დროის მესამე საუკეთესო დრო ეკუთვნის. მესამე ადგილი კი ისრაელის ლონა სალპეტერმა დაიკავა, ვინც მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა.