ფეხბურთი

22:00 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" უფერული და უგოლო ფრე აუტსაიდერ "ვერონასთან"

„ნაპოლი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ აშკარად არ არის ისეთი, როგორიც პაუზამდე იყო. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ამჯერად შინ გასავარდნ ზონაში მყოფ „ვერონას“ ვერ მოუგო - უგოლო და უფერული 0:0.

გასაგებია, რომ ნეაპოლელებმა ლიდერები დაასვენეს, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი, სტანისლავ ლობოტკა და ვიქტორ ოსიმენი ტრავმიდან ახლახან დაბრუნდა, მაგრამ მაინც, „აძურის“ თამაში ძალიან დაბალი ხარისხის იყო და ნულოვანი ფრე ლოგიკურია.

ნეაპოლელებმა კარში ერთადერთხელ დაარტყეს, ყველაზე რეალური მომენტი კი მატჩის მიწურულს ვიქტორ ოსიმენს ჰქონდა, რომლის დარტყმა ხარიხას მოხვდა. ეს იყო მასპინძელთა ერთადერთი რეალური მომენტი. ბარემ ვთქვათ: ოსიმენი დაბრუნდა, მისი მოედანზე გამოჩენის შემდეგ „ნაპოლი“ გაცილებით აქტიური გახდა. ნიგერიელმა 73-ე წუთიდან ითამაშა და ალბათ, „მილანთან“ ძირითადში იქნება.

ხვიჩაც არ იყო ძირითადში - ქართველი 64-ე წუთზე შევიდა მინდორზე, მაგრამ კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია, ბოლოსკენ პროტესტისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, კონკრეტულად სერია A-ში 26 თამაში, 12 გოლი, 10 საგოლე პასი 3 მოპოვებული პენალტი. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას "ნაპოლიში" 5-მატჩიანი უგოლო სერია აქვს და ამ პერიოდში არც საგოლე პასი გაუკეთებია. ბოლოს მან თავი სანაკრებო პაუზამდე ბოლო შეხვედრაში, "ტორინოსთან" გამოიჩინა.

„ნაპოლი“ სერია A-ს 75 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 14 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „იუვენტუსს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „მილანს“ უმასპინძლებს.

0.11698