„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. როგორც მან თქვა, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს.
„გუნდი გადაღლილია? არ ვიცი, სხვენთან შედარებით მეტი მატჩი მოვიგეთ, ვიღაც შეიძლება ზოგჯერ დაღლილი იყოს, მაგრამ ჩვენ არჩევანს ყოველთვის კარგად ვაკეთებდით. ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მჭიდრო გრაფიკია და რაღაცას შევცვლით. კვარაცხელიამ შეიძლება სათადარიგო სკამიდან დაიწყოს და მერე გამოვიყენოთ შემცირებული სათამაშო დროით, ეს ყველაფერი შეფასდება. ეს გინდოდათ კვარაზე მეთქვა (იღიმის - რედ)?
ოსიმენი კარგ კონდიციაშია და ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის გამოვიძახოთ. მიზანია სამშაბათს საუკეთესო კონდიციაში იყოს, ხვალ კი ჩვენთან ერთად სათადარიგო სკამზე იქნება.
როტაცია? ვინც მოედანზე გადის, უნდა იცოდეს, რომ ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩებისთვის მთავარი მოქმედი პირები არიან. რა თქმა უნდა, რაღაცას შევცვლით, მაგრამ არა 10 მოთამაშეს. რამდენიმე ფეხბურთელს მენტალურად აღდგენა სჭირდება ოთხშაბათის მატჩის შემდეგ. კიმი ძირითადში ითამაშებს, რადგან სამშაბათის შეხვედრისთვის დისკვალიფიცირებულია.
„სან სიროზე“ დავინახე მომწიფებული დამოკიდებულება, დავინახე მენტალიტეტის მნიშვნელოვანი ზრდა. 10 კაცით გააზრებულად ვთამაშობდით და მეტოქისთვის, რომელსაც აქვს ისტორია და ამ დონეზე თამაშის გამოცდილება, სახიფათო ვიყავით.
ტიფოზების პროტესტი? ახლა ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ ყველანი დავრჩეთ ერთიანი, ვიხელმძღვანელოთ „ნაპოლის“ სიყვარულით. ვფიქრობ, გაუგებარია მხარდაჭერის შეწყვეტა იმ გუნდისთვის, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს. ჩვენთვის გულშემატკივრების მხარდაჭერა ფუნდამენტურია. 33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სკუდეტო არ მოგვიგია და ახლა, როცა ის ხელში გვაქვს, პროტესტი გაუგებარია. არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე ან პასუხისმგებელი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის მომენტი, როცა ყველამ ერთად მხოლოდ „ნაპოლის“ სიყვარული უნდა გამოვავლინოთ.
ჩემი აზრით, ხვალინდელი მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გავიმარჯვებთ, უფრო ახლოს ვიქნებით სკუდეტოსთან, 3 გამარჯვება დაგვრჩება და არა ოთხი. გარდა ამისა, ეს დაგვეხმარება „მილანთან“ შეხვედრას უკეთეს მდგომარეობაში შევხვდეთ. როდესაც მე „ნაპოლიში“ მოვედი, „ვერონასთან“ მატჩი გუნდის უახლოესი ისტორიის უმდაბლეს წერტილს წარმოადგენდა, ახლა კი უმაღლეს წერტილს წარმოადგენს.
„მილანთან“ საპასუხო მატჩი? კარგად ვიცნობ ჩემს გუნდს და დარწმუნებული ვარ რომ ისინი გამოცდას შესანიშნავად ჩააბარებენ. თუ მოვახერხებთ ჩვენს საუკეთესო დონეზე თამაშს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბიჭებმა უნდა იფიქრონ ისეთი თამაშის ჩატარებაზე, როგორსაც შეჩვეული ვიყავით ამ სეზონში. თუ ამას გააკეთებენ, ყველაფერი შესაძლებელია. მშვიდად ვართ და თავდაჯერებული ვართ, რომ ჩვენი შანსის გამოყენება შეგვიძლია“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.