რალის ირლანდლი მრბოლი, „ჰიუნდაის“ გუნდში მოასპარეზე კრეიგ ბრინი, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ხორვატული ეტაპის წინ, ტესტების დროს მომხდარი ინციდენტისას დაიღუპა. „ჰიუნდაის“ გუნდის განცხადებით, ბრინის ნავიგატორი ჯეიმს ფულტონი უვნებლად გადარჩა.
33 წლის ბრინი ხორვატიის რალისთვის ემზადებოდა, როდესაც მისი მანქანა გზას ასცდა და ბოძს დაეჯახა. მისთვის ეს მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო. პირველად მან შვედთის რალიზე იასპარეზა, რომელიც მეორე ადგილზე დაასრულა.
ბრინმა რალიში თავისი კარიერა ნავიგატორის პოზიციაზე დაიწყო, 2008 წლიდან კი თავად გახდა მრბოლი. ის მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითადად ცალკეულ რბოლებში ასპარეზობდა ხოლმე. გამარჯვებები არ აქვს, თუმცა ექვსჯერ მეორე ადგილის დაკავება შეძლო.
2006 წლის შემდეგ, ბრინი პირველი მრბოლია, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიღუპა. მანამდე ბოლო მსხვერპლი ახალგაზრდა გერმანელი ნავიგატორი იორგ ბასტუკი იყო, ვინც კატალუნიის 2006 წლის რალის დროს დაიღუპა.