საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური გორში დასრულდა, სადაც „დილა“ „სამგურალთან“ 0:3 დამარცხდა.
იმერულმა გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე პენალტით ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ნიქაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი ლადო ჩიხრაძემ დააფიქსირა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 13 ქულით მეოთხე ადგილზეა და პირველი წრის ბოლო ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლებს. „დილა“ 10 ქულით მეექვსეა და წინ „თელავთან“ შეხვედრა ელოდება.
„დილა“ – „სამგურალი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ჯეფერსონი (19, პენ), 0:2 ნიქაბაძე (49), 0:3 ჩიხრაძე (76)